საღამოს თბილისს ახალი მთავრობა ეყოლება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკრებულოს თბილისის ახალი მერის კახა კალაძის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულო ახალი მერის კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატების განხილვისა და მათთვის ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრისთვის ემზადება.

კახა კალაძე 21 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვალეობების შესრულებას 13 ნოემბერს შეუდგა, ჩამოაყალიბა ახალი გუნდი, რომელიც დედაქალაქს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მართავს.

როგორც სხდომამდე გაირკვა, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ახალი მერის მთელი გუნდი მივა, გარდა თვითონ კალაძისა. ამაზე განმარტება მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

"კახა კალაძე არის არჩეული მერი, შესაბამისად, მას არ სჭირდება საკრებულოს თანხმობა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც სჭირდება საკრებულოს თანხმობა. აქედან გამომდინარე, კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მოვედით დღეს საკრებულოში, რათა გავიაროთ ეს პროცედურა და მოვახსენოთ საკრებულოს ჩვენი ოთხწლიანი მმართველობის პროგრამის შესახებ და, რასაკვირველია, გავცეთ ყველა დასმულ კითხვას პასუხი", — განაცხადა ხმალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძისეული ცვლილებები: ვინ შეინარჩუნა თანამდებობა თბილისში

კალაძის მიუსვლელობამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

"დღეს კახა კალაძე საერთოდ არ მოვა თბილისის საკრებულოში. თბილისის საკრებულოში მთავრობას ჯერ კიდევ თვითონ დაუმტკიცებელი მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარადგენს, რომლის მიმართაც არანაირი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გასაოცარია, რომ თბილისის მერის და საკრებულოს ურთიერთობა ასე იწყება", — განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" გიორგი გაბაშვილმა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ენმ) პრეტენზია აქვს თბილისის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან — ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ჭონქაძე სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის სახელით იყო დარეგისტრირებული და ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა.

არც "ევროპული საქართველო" და არც ენმ კალაძის მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა ორმა დეპუტატმაც.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
რა ელის მინისტრთა კაბინეტს: ფასადური ცვლილებები თუ მოსახლეობის ინტერესები

ოპოზიციის პრეტენზიებს უკვე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

"ცოტა გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდე, მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, მე, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი. კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცებული იქნება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას", — განაცხადა მერმა.

საკრებულომ ახალ მთავრობას ან თანხმობა უნდა გამოუცხადოს, ან უარი უთხრას. იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოში მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" 50-დან 40 ადგილი აქვს, რთული არაა იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება. კენჭს უყრიან კანდიდატებს მერის მოადგილეების, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების, ასევე რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობაზე.

კალაძის მოადგილეებად წარდგენილი არიან მაია ბითაძე, ირაკლი ხმალაძე, ირაკლი ბენდელიანი და გიგა ნიკოლეიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
შსს-ს ახალმა მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

რაც შეეხება საქალაქო სამსახურებს, წარდგენილი არიან: მერიის ადმინისტრაციის უფროსი — ვლადიმერ ჭიღლაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური — მამუკა მუმლაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური — ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ანდრია ბასილაია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე, კულტურის საქალაქო სამსახური — სოფიო ხუნწარია, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი, იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე, შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა.

რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად წარდგენილი არიან: გაიოზ ვასაძე, ნოდარ ტურძელაძე, ზურაბ ჩიკვილაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ბექა მიქაუტაძე, ლევან ჯაფარიძე, დავით კირკიტაძე, კახა ლაბუჩიძე და დავით კერესელიძე.

ყველა ახალი ამბავი
0