შსს-ს ახალმა მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა.

თბილისი, 17 ნოემბერი- Sputnik. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ სამი მოადგილე დანიშნა: კახაბერ საბანაძე — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, ნინო ჯავახაძე — ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და მერაბ მალანია, რომელიც გიორგი მღებრიშვილის სამინისტროშიც მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა.

კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, 2015-2017 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო; 2008-2010 წლებში საბანაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა; 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში — საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: აქცენტი ეფექტურობაზე გაკეთდა

რაც შეეხება ნინო ჯავახაძეს, ის ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში იგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წლიდან ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში იგი უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. მერაბ მალანია უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
რა ელის მინისტრთა კაბინეტს: ფასადური ცვლილებები თუ მოსახლეობის ინტერესები

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა და მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებებზე განაცხადა. თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად — გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად — მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად — მიხეილ ჩხენკელი. ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თანამდებობები მათი უწყებების რეფორმირების შემდეგ უნდა დატოვონ. 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შემდეგ უწყებაში საკადრო ცვლილებების დაიწყო. გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ყოფილი მინისტრის მოადგილეებმა შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსმა რამაზ თარაშვილმა.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას 14 ნოემბერს შეუდგა.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0