სცოდავენ თუ არა ექიმები მომავალი შვილის სქესის გამხელისას

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, ბიჭის ყოლის სურვილის გამო 1990- 2015 წლებში საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით 16 ნოემბერს კონფერენციაზე წარმოადგინეს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა.

კონფერენციამ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის საკითხები განიხილა.

კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მეზობელი ქვეყნების — აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით გამოირჩეოდა, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივ შეფარდებაში გადახრით გამოიხატა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როდესაც დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 — გოგო, თუმცა საერთო შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 2 680 ბავშვით ნაკლები დაიბადა: 2016 წელს  — 56 569, 2015 წელს — 59 249 ბავშვი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან, ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც, უბრალოდ, მიუღებელია.

ბავშვები - Sputnik საქართველო
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში: რა პრესპექტივაზე მეტყველებს სტატისტიკა

„წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული“, — ციტირებს დავით სერგეენკოს ტელეკომპანია „იმედი". 

თუმცა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ აბორტების რაოდენობა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

ბავშვი - Sputnik საქართველო
რამდენი ქართველი დაიბადა საზღვარგარეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში

რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, სერგეენკოს თქმით, დემოგრაფიულად რამდენი უნდა იყოს თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, ამის დათვლა ირიბი მაჩვენებლებით ხდება, ანუ, ეს არის ირიბი ინდიკატორია და მხოლოდ ამაზე დაყრდნობაც არ შეიძლება.

საქართველოში აბორტი აკრძალული არ არის. კანონით ნაყოფის ხელოვნური გზით მოცილება ორსულობის 12 კვირამდე არის დაშვებული. 22 კვირამდე ქალს აბორტის უფლება აქვს მხოლოდ რაიმე ჩვენებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამედიცინო და სოციალური პრობლემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განქორწინება, გაუპატიურება და ა.შ. გარდა ამისა, ექიმებს მიცემული აქვთ რეკომენდაციები ფეხმძიმობის პერიოდში ნაყოფის სქესზე ინფორმაციის გაცემისგან თავის შეკავებაზე, თუმცა თუ ექიმი მშობელს ნაყოფის სქესს მაინც ეუბნება, იგი არ ისჯება.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0