დემოგრაფიული ვითარება საქართველოში: რა პრესპექტივაზე მეტყველებს სტატისტიკა

© Sputnik / Levan Avlabreliბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტით შემცირებას ელოდებიან.

13 ივლისს, სვეტიცხოვლობა დღეს საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე პატარა გახდა. ისინი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდეგი შვილები არიან. სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას უკავშირებენ ექსპერტები საქართველოში ბოლო პერიოდში შობადობის ზრდას. თუმცა არის ტენდენციები, რომელთა გათვალისწინება ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს. გაეროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 30 პროცენტით შემცირდება. სამაგიეროდ, ნავარაუდევია აზერბაიჯანის მოსახლეობის 30 პროცენტით, სომხეთის მოსახლეობის კი 6-7 პროცენტით ზრდა.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეს საგანგაშო ტენდენციები შეიცვალოს და რა კეთდება დღეს?

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ დემოგრაფიული პრობლემები, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. სწორედ მისი ინიციატივით შედის საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ჩანაწერი დემოგრაფიის პრიორიტეტულობის შესახებ. კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები 2017 წლისთვის მორიგ დემოგრაფიულ ვარდნას წინასწარმეტყველებენ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ინსტიტუტის პირველი დირექტორი ლეო ჩიქავა წერს, რომ “მოსახლეობის ბუნებრივი მატებით საქართველო ჩამორჩება მსოფლიოს შესაბამის საშუალო მაჩვენებელს 6-ჯერ, განვითარებადი რეგიონებისას — 7-ჯერ, ხოლო ეკონომიკურად ძალიან სუსტად განვითარებული რეგიონებისას — 12-ჯერ. მოსახლეობის ბუნებრივი მატების საქართველოზე ოდნავ უარესი მაჩვენებელი (-1) დღეისათვის მთელი აზიის კონტინენტზე მხოლოდ იაპონიას აქვს“. 

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მცხოვრებთ ოჯახების შექმნაში დაეხმარება

აკადემიკოსი ლეო ჩიქავა აღნიშნავს, რომ თუ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულისთვის საქართველოს რეგიონებიდან დეპოპულაციას მხოლოდ ერთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი განიცდიდა, დღეს ასეთივე მდგომარეობა გვაქვს კიდევ ხუთ რეგიონში — გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. 

არც სხვა რეგიონებში გვქონია საქმე კარგად. კონკრეტულად კი კვლევაში ვკითხულობთ: „2012 წელს, 1990 წელთან შედარებით, მოსახლეობის ბუნებრივი მატება ქვემო ქართლში 4-ჯერ შემცირდა, სამცხე-ჯავახეთში — 11-ჯერ და თითქმის აღარაფერი უკლია დეპოპულაციური ვითარების წარმოქმნას“. 

მეცნიერები მთავრობას რჩევებს აძლევენ, როგორ ავიცილოთ თავიდან ერის გაქრობა. 2014 წლისთვის ჩამოყალიბებული პრიორიტეტები კი ასე გამოიყურება: 

1. ოჯახში ოპტიმალური ოდენობით ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ფორმირება;

2. მატერიალური სტიმულირება. ჩვენში ოჯახები ვერ აჩენენ იმდენ ბავშვს, რამდენიც სურთ, რადგან არა აქვთ მათი რჩენის შესაძლებლობა;

3. საცხოვრისით უზრუნველყოფა;

4. კანონის მიღება, რომ დედებს, რომლებიც ზრდიან სამ და მეტ შვილს, ნება დაერთოთ, ისარგებლონ შეკვეცილი სამუშაო დღით. შვებულება და პენსიაზე გასვლის ასაკი განესაზღვროთ შვილთა რაოდენობის გათვალისწინებით;

5. უმუშევრობის შემცირება, რაც შრომით მიგრაციას შეამცირებს;

6. ეკლესიის გააქტიურება შობადობის პროპაგანდისათვის;

7. უშვილობის განმსაზღვრელი დაავადებების მკურნალობის მასშტაბების გაფართოება და ამ გზით ბუნებრივად გაჩენილ ბავშვთა რიცხოვნების ზრდა;

8. მშობიარეთათვის უფასო მომსახურების შემოღება;

9. შვილების რიცხოვნებაზე საპენსიო უზრუნველყოფის მიბმა.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს რიგი რეგიონები, ისეთი უმშვენიერესი კუთხეები, როგორიცაა რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი, მალე დაცლის პირას აღმოჩნდება. 

მთები, სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
რა სოციალურ შეღავათებს უწესებს სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთ

„სოფლად 2002-2014 წლებში ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 39 000 კაცი. 495 000 ადამიანია ბოლო 20 წლის განმავლობაში მიგრირებული სოფლიდან. მათი ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, ნაწილმა გადაინაცვლა დიდ ქალაქებში, სადაც თავის რჩენა თითქოს უფრო იოლი იყო. როცა ადამიანი სოფელს ტოვებს, ის კარგავს თავისუფლებას, თავს გრძნობს უმცირესობაში. 

თავის დროზე თბილისშიც შემცირდა მოსახლეობა. ბევრი ქართველი, ვისაც ამისი საშუალება ჰქონდა, თბილისიდან საზღვარგარეთ წავიდა. წავიდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები: სომხები, რუსები, ბერძნები. მაგრამ იმის გამო, რომ თბილისი შეავსეს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სოფლიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ამიტომ საბოლოო ჯამში თბილისში მოსახლეობის რაოდენობა არა თუ არ შემცირებულა, გაიზარდა კიდეც და ასევე გაიზარდა ბოლო დროს ქართველების ხვედრითი წილი. 

1989 წელს თბილისის მოსახლეობა იყო 1 246 000 ადამიანი, დღეს არის 1 108 000 კაცი. ამ მონაცემებით, თბილისში ყველა ეროვნების ადამიანის ოდენობა შემცირდა, ქართველების გარდა. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას - NDI-ს კვლევა

თუ ასე გაგრძელდა, რაც ბოლო 25 წელიწადში ხდება, ქართველებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი კიდევ 25 წელიწადში უბრალოდ აღარ იარსებებს. თუ ავიღებთ აღწერის მონაცემებს, 1989 წელს იმერეთში ცხოვრობდა 767 000 კაცი. სულ რაღაც 12 წელიწადში, 2002 წელს ცხოვრობდა 700 000 კაცი, ხოლო კიდევ 12 წელიწადში ეს რაოდენობა შემცირდა დრამატულად და შეადგინა 532 000 ადამიანი. ე.ი. იმერეთში მოსახლეობა 25 წელიწადში შემცირდა 280 ათასი კაცით. თუ ასე გაგრძელდა, მომდევნო 25 წელიწადში იმერეთი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდება, რადგან ამ პერსპექტივით აქ რამდენიმე ათეული ათასი კაცი იცხოვრებს“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ.

ასეთივე ვითარებაა სამეგრელოშიც. 12 წელიწადში ამ რეგიონში მოსახლეობა შემცირდა 135 ათასი ადამიანით. 30 ათასით შემცირდა მოსახლეობა გურიაში, რაჭაში მე-19 საუკუნის ბოლოს 100 ათასამდე კაცი ცხოვრობდა. 1970 წელს — 70 ათასი კაცი, ახლა კი 17—18 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სვანეთში 31 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროისათვის, ახლა კი 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს. „ასე რომ, ქვეყანაში მოსახლეობის კლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა და სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული დემოგრაფიული პოლიტიკა შეიმუშავოს და განახორციელოს, თორემ 2050 წლისთვის ჩვენი ერი გაქრობას დაიწყებს და რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერაფერს ვეღარ შევცვლით. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ტეროტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოს ადგილზე შეიქმნება განსხვავებული დემოგრაფიული ვითარება სხვა ერებისთვის. მით უმეტეს, ბევრმა უცხოელმა უკვე იყიდა მიწა საქართველოში, მოქალაქეობაც კანფეტებივით დაურიგდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მთელ მსოფლიოში ასეა — უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ შენი ქვეყნის მოქალაქეობა მისცე, დიდი დამსახურება უნდა ჰქონდეს შენი ქვეყნის წინაშე და ძალიან სერიოზული კონტროლი უნდა მიჰყვებოდეს ამ პროცესს. ამას კი დღეს საქართველოში ვერ ვხედავთ“, — აცხადებს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

თბილისის მოქალაქეები - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი ემუქრება

როგორია საქართველოს ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა და რით ცდილობს ხელისუფლება ამ მძიმე ვითარების გამოსწორებას. ეს შეკითხვა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს დავუსვით, რომლის ინიციატივით კონსტიტუციის პროექტში ჩაიწერა, რომ ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღიარებს, რომ საქართველოში ნამდვილად მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, თუმცა იმ ნაბიჯებზეც საუბრობს, რაც ხელისუფლებამ უკვე გადადგა მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე ხუნდაძე აღნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველო გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული და ორივე ისტორიულია. „წელს დედობის ასაკში შედიან გოგონები, რომლებიც 80-იან წლებში დაიბადნენ და მათი რაოდენობა განახევრებული იყო. შესამაბისად, განახევრებულია მათი შთამომავლობაც. ასევე საპენსიო ასაკში არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული ადამიანები და მათში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი“, — ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

სწორედ მისი ინიციატივით, ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეხუთე მუხლში ჩაიწერა, რომ ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოება სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი ობიექტია. „დღეს საქართველოს წინაშე არსებული პრობლემებიდან ორი რამ მიმაჩნია უმნიშვნელოვანესად — ტერიტორიული მთლიანობისა და მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა. ბოლო აღწერამ ჩვენი შიშები დაადასტურა. გვეგონა, რომ ვიყავით 5 მილიონი და ვართ 3 700 ათასი. გარდა ამისა, მილიონზე მეტი მოქალაქე გასულია ქვეყნიდან და ისინი სწორედ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები არიან ძირითადად. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება ემუქრება

გაეროს პროგნოზით, თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა კიდევ 1 160 ათასით შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის გავნახევრდებით. ამ ფონზე, პროგნოზის მიხედვით, 30 პროცენტით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობის ოდენობა, 6-7 პროცენტით კი — სომხეთისა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი მეზობლების გამრავლებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეგიონში ქართველი მოსახლეობის შემცირების ფონზე. საჭიროა გვქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული დემოგრაფიული პოლიტიკა“.

ხუნდაძის თქმით, ბოლო ათწლეულებია, არც ერთ ხელისუფლებას სერიოზულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული პოლიტიკა არ ჰქონია, რაც აისახა კიდეც მოსახლეობაზე. „პირველი განცხადება, რა მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა გვქონდა, 2012 წლის ბოლოს გავაკეთე. 2013 წლიდან მერვე მოწვევის პარლამენტმა დაიწყო დემოგრაფიული პოლიტიკის შეცვლა. მთავარი, რაც გაკეთდა, ესაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მშობიარობის დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვანია ორსულთათის ფოლის მჟავისა და რკინის შემცველი მედიკამენტების გაცემა. საბავშვო ბაღები უფასოა უკვე რამდენიმე წელია. სახელმწიფო ახდენს მესამე და მომდევნო შვილების გაჩენის მატერიალურ სტიმულირებას. ბარში 150, ხოლო მთაში — 200 ლარით 2 წლამდე. ეს პროგრამა უკვე 7 რეგიონში მუშაობს. ასევე დამატებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მიგრაცია და მთა გვრჩება უპატრონოდ, პირველ და მეორე ბავშვზეც ოჯახი იღებს დამატებით დაფინანსებას.

შედეგად, 2014 წელს გვაღიარეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შობადობის ქვეყნად, ხოლო რეგისტრირებული აბორტების რიცხვი 8 ათასით შემცირდა“. 

ექსპერტების თქმით, ძალიან მაღალია არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა ასაკში. 

ხუნდაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ყველა სხვა მთავრობისგან განსხვავებით, დემოგრაფიაზე ზრუნვა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არაერთი დამატებითი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო, რომ მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას თავი დავაღწიოთ. სოციალურ სიდუხჭირეს ისიც ემატება, რომ, მსოფლიო სტატისტიკით, ყველა მესამე წყვილი უშვილოა. ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ერები დაბერებას განიცდიან, ხელოვნური განაყოფიერებაც კი ან დაზღვევაში შედის, ან უფასოა. საქართველოში კი ხელოვნური განაყოფიერება იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ მხოლოდ სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახები თუ ახერხებენ ამ გზით შვილის ყოლას. თუმცა იმაზე, რა ჯდება საქართველოში რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი, რა განაპირობებს უშვილობის მაღალ მაჩვენებელს და რა დაგიჯდებათ ე.წ. სინჯარის ბავშვი, მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ.

ყველა ახალი ამბავი
0