თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ბოლო 25 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მინიმუმ 200 ათასი ქართველი დაიბადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძეზე დაყრდნობით.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფონდის წარმომადგენლები დემოგრაფებთან ერთად ესაუბრნენ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებს. დიაპოსრისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოთვალეს იმ ბავშვების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დაიბადნენ.
ჩიბურდანიძის თქმით, მაჩვენებელი შეიძლება ორჯერ მეტი შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ოჯახი ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული და ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.
"ზუსტი სტატისტიკა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და იქ დაბადებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ არ არსებობს, მაგრამ არის დემოგრაფიული გათვლები საქართველოდან წასული რეპროდუქტიული ასაკის მოქალაქეების შესახებ, და ამ არაზუსტი გათვლების გათვალისწინებით, საზღვარგარეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში მინიმუმ 200 ათასი ქართველი დაიბადა", – განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ბევრი ქართული ოჯახი, რომელთაც საზღვარგარეთ შვილი შეეძინათ, კმაყოფილდება მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეობით, რომელშიც ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული სისტემით შეძლებენ.
"ბავშვის საზღვარგარეთ გაჩენის სურვილი კარგი პირობების გამო თითქმის ყველა ქართულ ოჯახს აქვს. ამიტომ ვფქრობთ, რომ საზღვარგარეთ დაბადებული პატარა ქართველების რაოდენობა გაცილებით მეტია", – აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
საუკუნის დასაწყისში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით 400 ათასი იყო, ახლა კი მილიონს გადააჭარბა, აღნიშნა ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება, მნიშვნელოვანია თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის ქონა.
"ეს კავშირი განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებს, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ენა საერთოდ არ იცის, ან ცუდად იცის", – აღნიშნა ჩიბურდანიძემ.