თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ემიგრანტებს ქართული დიასპორის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს დახმარებისათვის. ქართული დიასპორის დღე 2008 წელს დაწესდა. მას შემდეგ ყოველწლიურად, 27 მაისს თბილისში სპეციალური ფორუმი ტარდება, რომელზეც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების პრობლემებს განიხილავენ.
„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში», — თქვა ილია მეორემ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსათვის“.
თავის მიმართვაში ილია მეორემ მოუწოდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ”, — ბრძანა უწმინდესმა და დიასპორის წარმომადგენლებს თხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
„შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ”, — თქვა უწმინდესმა.