ილია მეორე: ადამიანმა სიხარულსაც და მწუხარებასაც ერთნაირად უნდა გაუძლოს

გამოწერა
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. 

ბზობა - Sputnik საქართველო
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბზობას აღნიშნავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღვთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას — ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან,  განაცხადა ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას.

„დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, — ბრძანა პატრიარქმა.

ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0