თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ადასტურებს, რომ ზღვაში დაკარგული ქართველი სამხედროს გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის მიმართ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, განაცხადა საქმის პროკურორმა დავით კვინიკაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (Rustavi2) ინტერვიუში.
ვახტანგ ბოლქვაძე, გია ხიდურელი და ჯამბულ შეყილაძე რამდენიმე თვის წინ დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ დაღუპულის სახელით ნანეტაშვილის ოჯახს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის თითქოს თურქეთში იმყოფებოდა და ფული სჭირდებოდა. საქმეზე დართული ჩანაწერები თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო ნაჩვენები.
„ეს არის სატელეფონო კავშირის მიყურადება-ჩაწერა ფარულად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რა დროსაც დასტურდება, რომ ეს პიროვნებები შეთანხმებულად მოქმედებენ და აგზავნიან წერილებს… ასევე არის ფოსტიდან, ვიდეოკამერებიდან მიღებული ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს იგივე ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი (შეყილაძე) როგორ აგზავნის წერილს“, — განაცხადა პროკურორმა დავით კვინიკაძემ.
გამოძიების ვერსიით, სწორედ 68 წლის შეყილაძემ სხვა ბრალდებულების თხოვნით ნანეტაშვილის სახელით ოჯახს ფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის თითქოსდა ცოცხალია, იმყოფება თურქეთში და საქართველოში იმის გამო ვერ ბრუნდება, რომ იქ დანაშაული ჩაიდინა.
წერილის თანახმად, ნანეტაშვილს თურქეთში ბინისა და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებში თითქოს ერთი ქართველი მამაკაცი დაეხმარა, რაზეც მას 39 000 დოლარი დაუხარჯვს. წერილში იყო თხოვნა, გარკვეულ საბანკო ანგარიშზე რაიმე ფულადი თანხის გადარიცხვის შესახებ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საბანკო ანგარიში შეყილაძის სახელზე იყო გახსნილი.
შეყილაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, რადგან არ იცოდა წერილის შინაარსი, რომელიც მან გაგზავნა.
„პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთად შეთანხმდნენ ეს პიროვნებები, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, რომ ჯამბულ შეყილაძემ იცოდა შინაარსი წერილებისა, იცოდა, თუ სად აგზავნიდა ამ წერილს. ის მოტყუებულია, თვითონ არის ამ თაღლითობის მსხვერპლი“, — განაცხადა ჩინჩალაძემ „რუსთავი 2“-ის ინტერვიუში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლით „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის მცდელობა“, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.
1992 წელს დაბადებული I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო.
გასული წლის 16 აგვისტოს საწვრთნელი ვარჯიშის დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ გიორგი ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტმა, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაცვის სამინისტრომ მათი გაუჩინერაბის შესახებ სწორედ იმ დროს განაცხადა.
ძებნაში თურქული და ამერიკელი სამხედროები ჩაერთვნენ, მაგრამ მათი ცხედრების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, დაკრძალვა საზღვაო წესისამებრ ჩაეტარებინათ.