გაუჩინარებული სამხედროების ძებნა შეწყდა

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გონიოში, საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსის მიმდინარეობისას ორი სამხედრო დაიკარგა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა შავ ზღვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული კაპრალი იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ძებნა შეწყვიტა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გონიოში, საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში ირიცხებიან.

ინფორმაცია მათი გაუჩინარების შესახებ 16 აგვისტოს გავრცელდა. ქართველი და თურქი სპეციალისტების გარდა სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ასევე ამერიკელი სამხედროები.

„თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა“, — აღნიშნეს უწყებაში.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: ქართველი სამხედროების გაუჩინარებაში დანაშაულის ნიშნები შეიმჩნევა

აღსანიშნავია, რომ 650-ტონიანი თურქული ხომალდი 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო.

უწყება აღნიშნავს, რომ სამძებრო სამუშაოები ამერიკელმა სამხედროებმაც შეწყვიტეს.

ამავდროულად, შარაძის დედამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ის თავდაცვის სამინისტროსგან სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას მოითხოვს. დაკარგული სამხედროების ნათესავები და ახლობელები დარწმუნებული არიან, რომ ვიღაცამ, დანაშაულის კვალის დასაფარად, მათი ცხედრები განზრახ გადამალა.

„მე, იაგო შარაძის დედა, დღეიდან უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიწვა“, — განაცხადა ელენე შარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების გაუჩინარების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში მიეწოდება.

„გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები, იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მალე ამაზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, — განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა იზორიამ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია.

გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

ყველა ახალი ამბავი
0