თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია, რათა საბოლოოდ ნათელი მოჰფენოდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის მუშაობას, ნათქვამია ცენტრის Facebook-გვერდზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მადლიერებას გამოხატავს Polygraph.info-სა და „ამერიკის ხმის" მიმართ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ობიექტური მასალების გამო. თუმცა, უკმაყოფილოა „აშკარად მტრული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი" მოქალაქეების კომენტარებით.
„ვინც კი ოდნავ მაინც ერკვევა მიკრობიოლოგიაში, მიხვდება, რომ ასეთ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ვერ დაამზადებენ. უბრალოდ შესაფერისი აღჭურვილობა იქ არ არის, და თანაც ლაბორატორია ღიაა ყველა პროფესიონალისათვის, როგორც ქართული კვლევითი დაწესებულებებიდან და უნივერსიტეტებიდან (მათ შორის სტუდენტებისათვის), ასევე ახლო თუ შორეული ქვეყნების პარტნიორებისათვის. რუსი მეცნიერებიც არაერთხელ ყოფილან და უმუშავიათ კიდეც ლუგარის ლაბორატორიაში", — ნათქვამია განცხადებაში.
იმისათვის, რომ საბოლოოდ დაესვას წარტილი ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ ჭორებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყების მხარდაჭერით, ოფიციალურად მოიწვია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ეგიდით საერთაშორისო ექსპერტები. მათ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად უნდა შეაფასონ ლაბორატორიის მუშაობა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნეს, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაწესებულებას წარმოადგენს. XXI საუკუნეში თითოეულ ქვეყანას სჭირდება ლაბორატორიები, რათა იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში და სხვებს დახმარებისთვის არ მიმართო.
მესამე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია თითქმის ყველა მეტნაკლებად განვითარებულ ქვეყანას აქვს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ყველა სერიოზულ უნივერსიტეტს, აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
„მესამე დონის ლაბორატორიაში მხოლოდ იმ პათოგენებზეა დასაშვები მუშაობა, რომელიც შენს ქვეყანაშია გავრცელებული და არ შეიძლება ისეთი საშიში ვირუსების (მაგალითად, ებოლას ვირუსი) კულტივირება, შენახვა და მათზე კვლევები, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ ვირუსებზე სამუშაოდ საჭიროა მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია", — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ბევრი ასეთი ლაბორატორიაა აშშ-ში. მათ ასევე შეხვდებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, შვედეთში, რუსეთსა და ბელარუსში.
ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ვნებათაღელვა პრაქტიკულად მისი გახსნის დღიდან არ ცხრება. ლაბორატორიას ბრალს სდებენ იმაში, რომ მისი მიზანი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, სხვადასხვა სახის საშიში ვირუსების შემოტანაა, რაც ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, ალექსეევკის დასახლებაში 2011 წლის მარტში შექმნეს. თავდაპირველად ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ — შსს-ს, ხოლო დღეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.