თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაშინგტონში აშშ-ის სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, დაბა ალექსეევკაში 2011 წლის მარტში შეიქმნა. თავდაპირველად ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, შემდეგ — შსს-ს, დღეს კი ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.
„ჩვენ განვიხილეთ ჯანდაცვის სექტორის მდგომარეობა და ის არაორდინარული ცვლილებები, რომელიც საქართველოში გატარდა. ამ მიმართულებით ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“, — განაცხადა ლუგარმა.
სენატორმა თბილისში მისი სახელობის ლაბორატორიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ლუგარის ცენტრი მსოფლიოს ხალხებს ემსახურება. ცენტრში ხდება განსაკუთრებული ელემენტების აღმოჩენა ატმოსფეროში, ნიადაგსა თუ წყალში და შემდეგ მათი კორექცია, რათა ასეულობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდეს. ეს ჰუმანური ცენტრია და მადლობელი ვარ, რომ ის საქართველოში არსებობას განაგრძობს და უფრო მეტად ვითარდება“, — განაცხადა ლუგარმა.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიას გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორც ბიოუსაფრთხოების კუთხით, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების განვითარების კუთხით.
„საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში, საფრთხეების დეტექციის კომპონენტში. ზოგადად, არის სამი მიმართულება: პრევენცია, დეტექცია და რეაგირება. საქართველოს ლუგარის ცენტრის დახმარებით ლიდერია დეტექციის კომპონენტში. რა თქმა უნდა, როგორც პრევენცია, ისე რეაგირებაც ჩვენი ფუნქციაა, თუმცა ეს ლაბორატორია გვაძლევს დიდ უპირატესობას დაზუსტებულად ვიცოდეთ საფრთხეების წარმომავლობის შესახებ“, — აღნიშნა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი 21 ივნისიდან აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, ვიზიტის ფარგლებში ის აშშ-ის ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივან ტომას პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას გულისხმობს.
ვიზიტის ფარგლებში სერგეენკომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) დაათვალიერა და ცენტრის დირექტორთან, ანა შუჩატთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ლუგართან შეხვედრის წინ, სერგეენკო ატლანტაში გამართულ დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
თბილისში რიჩარდ ლუგარის ცენტრი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მისი მიზანია ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის შექმნა, საშიში ვირუსების შტამების შემოტანა და ა.შ., რაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.