თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს რუსეთში მის მომავალ ვიზიტებსა და საქართველოში მის საპრეზიდენტო გეგმებს შორის კავშირს.
ბურჯანაძისთვის საპრეზიდენტო სავარძელი უცხო არაა. ის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს ორჯერ ასრულებდა — 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრის ჩათვლით („ვარდების რევოლუციის" დროს) და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრის პერიოდში.
„არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩემი ვიზიტები დაუკავშირდეს ჩემს საპრეზიდენტო გეგმებს. მაგრამ ამჯერად ჩემი ვიზიტი არ უკავშირდებოდა მას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ, თვეობით მთხოვდნენ ჩასვლას. უბრალოდ, იყო გარკვეული პრობლემები, შემდეგ არჩევნები და მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ჩასვლა. ჯამში მათთვის უარის თქმა მომერიდა", — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეარხ "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "360 გრადუსში".
ბურჯანაძე მოსკოვში ტოკ-შოუში მონაწილეობის მისაღებად გასულ კვირას იმყოფებოდა.
„უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ მომიწევს მოსკოვში წასვლა ასევე ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად", — აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთში მის მიმართ საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურია.
„და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დავუშვათ, მოლაპარაკებების პროცესში, როცა მე მოსახლეობისგან მანდატი მექნება, ცხადია რუსეთში არსებული საზოგადოებრივი აზრი გათვალისწინებული იქნება. ის რაც ვთქვი (ტოკ-შოუში — რედ.), ხალხმა გაიგონა და ცხადია გაიგონა რუსეთის ხელისუფლებამ", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან რუსეთთან მიმართებით საქართველოს მოზომილი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასია უსაფრთხო იყოს მისთვის და რომ ის სამხრეთიდან საფრთხეს არ გრძნობდეს. რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ იყოს განთავსებული ნატოს ბაზები, რამდენადაც ეს რუსეთსა და ნატოს შორის ომის მიზეზი გახდება. და ამას არ დაუშვებს არც რუსეთი და არც ნატო. ასე რომ, ჩვენ ძლზე ბევრი სხვა ფაქტორები გვაქვს, რის გამოც საქართველოსთან ნორმალური თანამშრომლობისთვის რუსეთს შეიძლება გრძელვადიანი დაინტერესება ჰქონდეს", — აღნიშნა მან.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე ნინო ბურჯანაძე ურთიერთობების ნორმალიზებისთვის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას დაჟინებით მოითხოვს.