თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას საკუთარ სამშობლოში ისეთი პრეზიდენტის ხილვა სურს, როგორიც ვლადიმერ პუტინია რუსეთისთვის.
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ქალიშვილისთვის, ჟურნალისტ ჟანა ნემცოვასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბურჯანაძემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
„მან რუსეთი ფეხზე დააყენა. თქვენ შეხედეთ რუსეთს, რა იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და რა არის დღეს. და მე, სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ საქართველოში ისეთივე პრეზიდენტი იყოს, როგორიც ვლადიმირ პუტინია რუსეთისთვის", — განაცხადა ბურჯანაძემ გერმანულ ტელეარხ Deutsche Welle-თვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ის არჩევნებზე გაიმარჯვებს, რადგან ვფიქრობ, რომ მას ხალხი მართლა უჭერს მხარს… პუტინი ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებს იცავს, როგორც ეს მას და რუსეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ესმის. პუტინი — ეს ის ადამიანია, რომელმაც რუსეთის ფეხზე დაყენება შეძლო, რომელმაც რუსეთი სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ და მომავალშიც გაუწევენ, რადგან რუსეთს მის პრეზიდენტობამდე ანგარიშს არავინ უწევდა. რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული ხარისხი, რომელიც აუცილებელია ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე — შეიძლება თუ არა პუტინის და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შედარება, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ არ სურს ამის გაკეთება.
„პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, ის სერიოზული ლიდერია. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა თავის ქვეყანას და ამას ნამდვილად აკეთებს მისი ქვეყნისთვის. სააკაშვილი — იმპულსური ადამიანია. და ის, რომ პუტინს აკრიტიკებენ, როგორც ავტორიტარულ ხელისუფალს და ის, რომ დასავლეთში სააკაშვილს არავის არასდროს აკრიტიკებს — ეს ჩემთვის ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან ასევე პასუხი გასცა კითხვას, რამდენად ცუდია "პრორუსი პოლიტიკოსის იარლიყის" ტარება.
„მე საკუთარ თავს პრორუს პოლიტიკოსად არ მივიჩნევ, თავს პროქართულ პოლიტიკოსად ვთვლი, რომელიც ხვდება, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე ქართული ინტერესები ვერ განხორციელდება", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. 2017 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე მან განაცხადა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იმდენჯერ ჩავა, რამდენიც საჭირო იქნება. როგორც თავად აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.