თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნაადრევი უწოდა საუბრებს, თუ ვის წარადგენს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატად.
IRI-ს მიერ ბოლო, 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ პოლიტიკოსების რიცხვშია, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას მოსწონს.
„ჯერ კიდევ ადრეა პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბარი, რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. აღნიშნულ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება. კანდიდატის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც არჩევნების თარიღი მოახლოვდება", — უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას — განიხილება თუ არა სერგეენკოს კანდიდატურა.
საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლიდან გიორგი მარგველაშვილია. ის ქვეყნის მეთაურის პოსტზე კენჭს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" იყრიდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და კოალიციის ლიდერთა გზები გაიყო.
IRI-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მარგველაშვილი პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზეა. ის გამოკითხვაში მონაწილეთა 67%-ს მოსწონს. სერგეენკო მეორე ადგილზეა (65%), ხოლო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი — მესამე ადგილზე (55%).
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, სავარაუდოდ, კენჭს იყრიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერები, ამჟამად ოპოზიციური პარტიების ლიდერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2018 წელს, ისევე, როგორც ადრე, ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ, მაგრამ არა ხუთი წლით, არამედ ექვსი წლის ვადით. შემდგეგ არჩევნებში კი პრეზიდენტის არჩევა ხმოსნების კომპეტენცია იქნება.