თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ქართული ხმალი აჩუქა და მომავალ წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე მოიწვია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მარგველაშვილი ვარშავას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს ეწვია. საქართველოს პრეზიდენტს მისი ქალიშვილი ანა ახლავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც პოლონეთში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვარშავაში გაიმართა.
პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს. მარგველაშვილმა პოლონელ კოლეგას სამახსოვრო საჩუქარი — ქართული ხმალი აჩუქა.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ანდჟეი დუდას მადლობა გადაუხადა ისეთი საკითხების მხარდაჭერისათვის როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება ახალ იმპულსს აძლევს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებას და ეს საპასუხო ვიზიტი იმ დეკლარაციის გამოძახილია, რომელსაც საქართველოში, მაისში მოეწერა ხელი და რომელიც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადასვლას ითვალისწინებს.
„დღეს პოლონეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომლის სიძლიერე და განვითარება ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საწინდარია", — აღნიშნა მარგველაშვილმა.
გაფართოებულ შეხვერდაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება განიხილეს.
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას "თბილისის კონფერენციის" თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის გაძლიერებას გულისხმობს, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„თბილისის კონფერენცია" გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ასევე ამ მიმართულებით საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ფორმატის შექმნის თაობაზე მემორანდუმი 2015 წლის 14 აპრილს გაფორმდა.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო-გაცვლითი პროგრამების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოლონელი კოლეგა 2018 წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.
შგახსენებთ, რომ მანამდე მარგველაშვილის და დუდას შეხვედრა თბილისში, მიმდინარე წლის მაისში შედგა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტები ისტორიკოსების ქართულ-პოლონური კომისიის საქმიანობას პატრონაჟს გაუწევენ. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფომეს, რომლებიც ქვეყნების თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არეგულირებს.