თბილისში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

© FB / MFA of Georgiaპოლონეთის საელჩოს ახალი შენობა თბილისში
პოლონეთის საელჩოს ახალი შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ და პოლონეთმა 15 საერთაშორისო ხელსეკრულება გააფორმეს, რომლებიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არეგულირებს.

„მოხარული ვარ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით. საელჩოს წარმომადგენლებს დიდ წარმატებას ვუსურვებ მიმდინარე საქმიანობაში. საქართველოსა და პოლონეთს აერთიანებს არა მხოლოდ ხალხთაშორისი მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არამედ სტრატეგიული ინტერესები. ჩვენ ერთად მივყვებით მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ საელჩოს გუნდი წვლილს შეიტანს ორი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარებაში", — აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე და ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - Sputnik საქართველო
საქართველო და პოლონეთი ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

საელჩოს გახსნის ცერემონია მუსიკალურად გააფორმა პოლონურ ენაზე მომღერალთა გუნდმა.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა "თბილისის მეორე კონფერენციაში", შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

„თბილისის კონფერენცია" გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ასევე ამ მიმართულებით საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ფორმატის შექმნის თაობაზე მემორანდუმი 2015 წლის 14 აპრილს გაფორმდა.

ყველა ახალი ამბავი
0