თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, თანამემამულეებისადმი მიმართვისას, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ დანაშაულის ჩადენას სახელმწიფოს ორმხრივი ურთიერთობების მთავარი პრობლემა უწოდა.
ოქტომბრის ბოლო საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების რამდენიმე დაკავება განახორციელა, საიდანაც ყველაზე ხმაურიანი იყო რვა ადამიანის ყაჩაღობაზე დაკავება.
„თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას“, — ნათქვამია ნანობაშვილის მიმართვაში, რომელიც საქართველოს დიპლომატიური მისიის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული მნიშვნელოვნად აფერხებს საბერძნეთის ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნაგატიურ ფონს, აღნიშნა ელჩმა.
„მიუხედავად ამგვარი რეალობისა, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე:
1. განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი.
2. არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ“, — ნათქვამია მიმართვაში.
ელჩმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას სათავეში ჩაუდგა, ანუ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, საელჩოს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს.
ამასთან ნანობაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების ბოლო დაკავებებისას, წინასწარი მონაცემებით, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადაცდომები იყო დაშვებული.
„დავუბრუნდები უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
მომავალი კვირის ბოლომდე კომპეტენტური დასკვნის მიღების შემდეგ, აღნიშნულ ფაქტებზე საელჩოს სათანადო რეგირება ექნება, აღნიშნა ელჩმა.
„ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც, იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემებისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე“, — ნათქვამია განცხადებაში.
საბერძნეთში საქართველოს ელჩმა მიმართა თანამემამულეებს თხოვნით, დაელოდონ საელჩოს მუშაობის შედეგებს და მოერიდონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას.
საბერძნეთის შსს-ს ვებგვერდზე ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე გავრცელებულ განცხადებაში, დანაშაულის ამსახველი ინფორმაციის გარდა, იყო მითითებული, რომ „კრიმინალური დაჯგუფება საკუთარი წევრების სახოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში არსებული ორგანიზებული დამნაშავეობის პრაქტიკას მისდევდა, ანუ ბინებს ქალების საბუთებით ქირაობდა, რათა მათი მოძებნა გართულებულიყო“.