თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.
იუნესკო- სგენერალურ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი".
გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წელს უნივერსიტეტის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება და გაერთიანების ეგიდით, მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება.
"1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ისტორიული მოვლენების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება", — ნათქვამია განცხადებაში.
იუბილეს დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში (1917 წლის დეკემბერში დამტკიცდა თსუ-ის წესდება) დაიწყება და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.