თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ის უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის შედეგების მიხედვით (მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი) ევროპის 400 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის სიაში მოხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 301+ პოზიცია დაიკავა და რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევის რეიტინგში მოხვედრა შეძლო.
„მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში“ ევროპის 35 ქვეყანა მოხვდა. რეიტინგის შესადგენად სპეციალისტებმა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტ-დამსაქმებლებს შორის 115 000 გამოკითხვა ჩაატარეს. მათ გამოიკვლიეს 4000 უნივერსიტეტი, მათგან 980 სიაში შევიდა.
ლიდერთა სამეულშია ოქსფორდი, კემბრიჯი და ლონდონის იმპერიული კოლეჯი.
რეიტინგის შედგენისას გამოიყენებოდა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა აკადემიურ გარემოში ავტორიტეტულობა, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის შეფარდება სტუდენტთა საერთო რაოდენობასთან, რეპუტაცია დამსაქმებლებს შორის, „ციტირებადობის“ ინდექსი, უცხოელი მასწავლებლების და სტუდენტების წილი.
მკვლევარებმა გააანალიზეს 11 მილიონი სტატია, რომლებიც Scopus-ის და Elsevier-ის მონაცემთა ბაზებში ინახება, 12 მილიონი სტატიიდან განხილულია დაახლოებით 75 მილიონი ციტატა.
QS World University Rankings-ის რეიტინგში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტი უნდა სთავაზობდეს ბაკალავრიატს და დიპლომისშემდგომ პროგრამებს, როგოც მინიმუმ ორ საგნობრივ სფეროში (მაგალითად, ხელოვნება და სოციალური დისციპლინები, საინჟინრო საქმე და ტექნოლოგია, სამართალი და ბიზნესი).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.