თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორებისთვის თსუ–ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თშ–ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულ პროფესორებს საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იუწყება საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას პრესსამსახური.
საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები და სტუდენტები.