თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, ახალი ტიპის სადოქტორო პროგრამებს დაიწყებს, ნათქვამია თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პროგრამები განხორციელდება გოტინგენის, ფრანკფურტისა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ერთად მათემატიკის, ციფრული ჰუმანიტარიისა და განათლების მენეჯმენტის მიმართულებებით. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ორი დიპლომი გადაეცემათ — ქართული და საერთაშორისო.
„ახალი წლიდან ვიწყებთ ახალი ტიპის სტრუქტურირებულ სადოქტორო სკოლას. ეს ხორციელდება „ფოლკსვაგენის ფონდის“ დახმარებით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით“, — განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ ასევე მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით. რექტორის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის, ევროპეისტიკის და ეკონომიკის ერთობლივი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად.