თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, აღნიშნულია თსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში 100 წლის იუბილეს 2018 წლის თებერვალში აღნიშნავს.
ახალი საკოლექციო მონეტები ვერცხლის იქნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.
საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს 2017 წლის 4 მაისის ჩათვლით. საუკეთესო ესკიზს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს კომისია შეარჩევს რამდენიმე კრიტერიუმით: საუკეთესო იდეა, კომპოზიციური გადაწყვეტა და შექმნის ხარისხი. გამარჯვებული ესკიზის ავტორი 3 ათასი ლარის ოდენობით ფულად პრემიას მიიღებს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის სახელი მას 1989 წელს მიენიჭა.