თბილისის უნივერსიტეტს 99 წელი შეუსრულდა

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 99 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) — დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ისტორიკოსისა და აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

„უნივერსიტეტმა, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას საფუძველი ჩაუყარა და თავისი მასშტაბით დღემდე საქართველოს დიდ საგანმანათლებლო კერად რჩება“, — ნათქვამია სასწავლებლის განცხადებაში.

უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით I კორპუსში 8 თებერვალს, 18:00 საათზე გაიხსნება ფოტოგამოფენა „პირველი“, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობის, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისთვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი სტუდენტების, ევროპაში განათლებამიღებულ ქართველ მეცნიერთა მიღწევების შესახებ.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ, ჟურნალ THE–ს ვერსიით, საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვში მოხვდა

საქართველოში უნივერსიტეტის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 1860–იან წლებში საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით უნივერსიტეტის გახსნის ორგანიზება.

1917 წლის მაისში თბილისში, ქართველი ქიმიკოსის პეტრე მელიქიშვილის ბინაში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა. კრებას საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა.

1917 წლის შემოდგომაზე საზოგადოების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. უკვე დეკემბრის ბოლოს ქართულ პრესაში ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შესახებ განცხადება გაჩნდა.

უცხოელ პროფესორებს თსუ–ს საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ - Sputnik საქართველო
უცხოელ პროფესორებს თსუ–ს საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ

პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

პირველ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ისეთი დიდი პროფესორები და ლექტორები, როგორებიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ–ორბელიანი, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი და მრავალი სხვა.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. ეს ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებაა, რომელშიც დღეისათვის 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიონალური პროგრამებიც მოქმედებს, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.

უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო პროგრამებში, და მიიღოს ორი დიპლომი — ქართული და საერთაშორისო.

ყველა ახალი ამბავი
0