თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა, 1 ნოემბერს დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ 2013 წელს გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა.
2014 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო აწ გარდაცვლილი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მიმართ წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებაში, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და გიორგი ჩიკვატიას წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა ისევ დაუსწრებლად მიუსაჯა.
2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მახლობლად აღმოჩენილ იქნა მიწაში ჩაფლული 8 კასრი, რომლებშიც ვიდეოჩანაწერები იყო მოთავსებული. აღნიშნული ჩანაწერების საქმეზე ქარდავა 2014 წლის მარტში კვლავ დამნაშავედ ცნეს წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქარდავა "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე წამებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.
გასული წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარდავა მოსკოვში გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაშიც დაადანაშაულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური დუმბაძე 2006-დან 2008 წლამდე საქართველოში სამშობლოს ღალატისათვის იხდიდა სასჯელს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე გაცვალეს და რუსეთში გადაიყვანეს. 2012 წლის მაისში დუმბაძე მოსკოვში უცნობებმა მოკლეს.
„უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად", — აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.