ქართველი ფეხბურთელის, ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტნის გურამ კაშიას ირგვლივ ერთ-ერთ მატჩზე მის მკლავზე ლგბტ-თემის მხარდამჭერი სამკლავურის გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში სკანდალი არ ცხრება.
კაშიას ცისარტყლელასფერებიანი სამკლავური სოციალურ ქსელებსა და მედიაში ხმაურიანი განხილვების საგნად იქცა. ზოგიერთმა აღშფოთებულმა მომხმარებელმა ქართული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გუნდიდან გარიცხვაც კი მოითხოვა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კაშიას განმარტებების გაკეთება მოუწია. ფეხბურთელმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ ეს სამკლავური გაიკეთა არა საკუთარი სურვილით, არამედ კამპანია „არა ძალადობას“ ფარგლებში ლიგის გადაწყვეტილებით.
„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო… მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა. ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს? ჩემ გარდა, ეს სამკლავური აბსოლუტურად ყველას ეკეთა. არ მესმის, ამან რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში“, — განაცხადა კაშიამ ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
თუმცა ეს არგუმენტი საზოგადოების ნაწილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სკანდალმა პიკს გუშინ მიაღწია, როდესაც მოძრაობა „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და სპორტსმენს ჰომოსექსულიზმის პროპაგანდა დააბრალეს.
„როდესაც ხელში თბილისის „დინამოს“ დროშა მიკავია, მე თბილისის „დინამოს“ პროპაგანდას ვეწევი. როდესაც მკლავზე ჰომოსექსუალიზმის სიმბოლო მაქვს, მაშინ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტი ვარ. ჩვენი ღრმა რწმენით, ქართველ მამაკაცსა და ქართველ სპორტსმენს არ შეშვენის იყოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტი“, — განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.
აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაისმა ფაიერების აფეთქებები. შედეგად სამართალდამცველებმა წვრილი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
სოლიდარობა კაშიას
ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოუცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მიუღებელი უწოდა.
„ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით“, — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მარგველაშვილი ასევე მიესალმა სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ.
სპორტსმენს სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ იაშვილმა, საქართველოს ნაკრების წევრებმა — თორნიკე ოქრიაშვილმა, ნიკა კაჭარავამ, ბაჩო ჩხადაძემ და სხვ. მხარდაჭერის ნიშნად ცნობილმა ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში კაშიას ფოტო ატვირთეს.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის ადგილი დისკრიმინაციისთვის. არ არის ამის ადგილი ფეხბურთშიც, ბუნებრივია. გურამის აქციას რაც შეხება, ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ ფეხბურთი დიდი სოციალური მოვლენაა, ყველაზე დიდი სპორტია და შესაბამისად არ არის ახალი მასში სხვადასხვა სოციალური მესიჯების გატარება. ასეთი იყო გურამის აქციაც. ის ეხებოდა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას“, — აცხადებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა.
კაშია დაიცვა ყოფილმა ფეხბურთელმა და თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემაც.
„მიუხედავად აღმსარებლობის, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი ხედვები, დააფიქსიროს საკუთარი აზრი… არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ? ისმის მარტივი კითხვა“, — აღნიშნა კახა კალაძემ.
ქართველ ფესბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
„მიუღებელია, როდესაც ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასახელეს და დაუღალავი შრომით მსოფლიოში საქართველოს პოზიტიური იმიჯი გაამყარეს, გაურკვეველი ადამიანებისა და ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მხრიდან მყარი და ერთსულოვანი პასუხი გაეცეს“, — განაცხადა ჯანელიძემ.
კაშიას მხარდამჭერი განცხადება სპორტულმა ჟურნალისტებმაც გაავრცელეს, რომელშიც მოუწოდეს მედიას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ აღნიშნული საკითხის გაშუქებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.
„სპორტული ჟურნალისტები გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჯაროდ ვაფიქსირებთ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვართ. გურამ კაშია იყო, არის და იქნება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და ის კიდევ არაერთხელ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს“, — აღნიშნულია განხადებაში.
კაშიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2006-2010 წლებში კლუბის მიერ ჩატარებულ 91 მატჩში 12 გოლი გაიტანა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 2010 წლიდან გადავიდა „ვიტესში“. 2011-2012 წლების სეზონის წინ კაპიტნის სამკლავური მიიღო.