ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში აქცია მოაწყვეს

© REUTERS / David Mdzinarishviliლგბტ საზოგადოების აქტივისტი აქციაზე
ლგბტ საზოგადოების აქტივისტი აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებისა და მათი დამცველების აქცია თბილისში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით გაიმართა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიასთან აქცია უსაფრთხოების გაძლიერებული დაცვით ჩატარდა.

აქციაზე შეიკრიბნენ ლგბტ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს ეკავათ დროშები ცისარტყელას ფერებში, პლაკატები წარწერებით "სიძულვილი ბადებს აგრესიას", "აგრესია ბადებს ძალადობას", "ნუ დადგები ძალადობის მხარეს!"

"ჩვენი დღევანდელი შეკრება არ ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვისარგებლოთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით. რადგან, როგორც თქვენთვის ცნობილია, აქ დილის 10 საათიდან შევიკრიბეთ ნახევრადგასაიდუმლოებულ პირობებში. აქცია არც კი დავაანონსეთ. და ეს იმაზე მიუთითებს, თუ როგორი აგრესია დაგროვდა საზოგადოებაში ჩვენ წინააღმდეგ", — განუცხადა ლევან ბერიანიძემ ტელეარხ Imedi-ს.

"აქ ვდგავარ მე საკუთარი მეგობრებისა და საკუთარი გენდერის დასაცავად. საქართველოში არ არის ჩვენი უფლებები დაცული და აქ იმიტომ მოვედი, რომ დავიცვა საკუთარი უფლება. არც ერთ ადამიანს არა აქვს ჩემი გენდერის შეურაცხყოფის უფლება. თუ არ გამოვედით ჩვენი უფლებების დასაცავად, ისე არავინ დაგვიცავს", — განაცხადა გაბრიელ ბარნოვმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

"მე არაფერს ვაპროტესტებ აბსოლუტურად. მე ვარ ტრანსგენდერი, რომელიც არ მალავს თავის იდენტურობას", — განაცხადა გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ.

აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდიმ.

"მისასალმებელია, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება – შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი თავი თავისუფლად. გულდასაწყვეტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მეთოდებით უწევს ერთი მოქალაქის დაცვა მეორისგან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური მეთოდებისგან", — განაცხადა შამანიდიმ.

ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები მთავრობის შენობასთან სპეციალური ტრანსპორტით — მუნიციპალური ავტობუსებით მიიყვანეს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს — ყველა გზა კანცელარიისკენ გადაკეტილი იყო და მობილიზებული იყო პოლიცია. აქცია მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩატარდა.

2016 წელს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა აქციის გამართვაზე უარი თქვეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება მათი უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. ასეთი აქციის ჩატარებას ისინი 2013 წელსაც შეეცადნენ, მაგრამ ის მოწინააღმდეგეებმა ჩაშალეს. მაშინ დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0