კალაძემ "ქართველთა მარში" ცილისწამებაში დაადანაშაულა

გამოწერა
"ქართველთა მარშის" ორგანიზატორები დარწმუნებული არიან – საქართველოს ხელისუფლება უცხოელებისთვის მიწების მიყიდვას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი საწინააღმდეგოს აცხადებს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ცილისწამება უწოდა განცხადებას, რომ ქართულ მიწას უცხოელებს მიჰყიდიან.

გუშინ „ქართველთა მარშის" ორგანიზატორებმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მაშხალები ესროლეს "ღია საზოგადოება — საქართველოს" ფონდის ოფისს, მისი დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულეს, ხოლო შემდეგ კალაძის შტაბთან გადაინაცვლეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.

ქართველთა მარში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა თბილისში სოროსის ფონდის ოფისს მაშხალები ესროლეს

„ის, რომ მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, ჩვენი გუნდის დამსახურებაა და სწორედ ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში", — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ამ თემასთან დაკავშირებული განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

საქართველოში მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი არსებითი ნიუანსი გახდება მითითება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა უცხოელებზე არ შეიძლება. ადრე ეს მითითება კონსტიტუციაში არ ყოფილა. შესწორებები უკვე მიღებულია ორი მოსმენით. განახლებულ კონსტიტუციას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს, მანამდე კი უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი მოქმედებს.

უახლოეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესწორებებს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობის უფლების შესახებ", რომლის თანახმად, უცხოელებზე და უცხოურ ორგანიზაციებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არ შეეხება საქართველოში მოქმედ ბანკებს.

სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა არ გაუქმდება. რაც შეეხება ბანკებისთვის მიწის გაყიდვის ნებართვას, პრემიერის თქმით, ეს დროებითი ზომაა.

„ქართველთა მარშის" მონაწილეები იმუქრებიან, რომ მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას — შიმშილობას.

ეს პირველი აქცია არ არის, რომელიც "ქართველთა მარშმა" მოაწყო. ივლისში აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობა მოაწყო და საქართველოში არალეგალების ყოფნა გააპროტესტა. „ქართველთა მარშში" მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ყველა ახალი ამბავი
0