საქართველოში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისაგზაო მოძრაობის სათვალთვალო კამერა შუქნიშანზე
საგზაო მოძრაობის სათვალთვალო კამერა შუქნიშანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ აცნობებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება მოხდება, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში წლის ბოლომდე 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ჩაირთვება. კამერები სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
შს სამინისტროსგან ფასდაკლებები კანონდამრღვევ მძღოლებს

ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ აცნობებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით.

ამ სისტემით მძღოლები დაჯარიმდებიან რამდენიმე დარღვევის შემთხვევაში: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესების თანახმად:

ვიდეოჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი მას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღემდე ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. ამის შემდეგ საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

ვიდეო- ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

ველობილიკი პეკინის ქუჩაზე, რომელიც ცალმხრივი გახდა - Sputnik საქართველო
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება

ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.

მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით.

ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

საქართველოში გზებზე კონტროლის გამკაცრების საჭიროება გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვის მატებამ. ქვეყანა გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

ყველა ახალი ამბავი
0