თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მძღოლებს, რომლებიც 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ინიციატივის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. მთავრობამ უკვე მოიწონა ინიციატივა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტში გადაგზავნის. მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლი ვალდებულია ჯარიმა 30 დღის განმავლობაში გადაიხადოს.
„ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში", — ნათქვამია განცხადებაში.
მძღოლებს შეღავათებით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი ჯარიმის გადახდას სმს-შეტყობინების მისვლიდან 10 დღის განმავლობაში შეძლებენ. თუ ავტომფლობელი სმს-შეტყობინებას ყურადღებას არ მიაქცევს და ჯარიმას აღნიშნულ ვადაში (10 დღე) არ გადაიხდის, მაშინ მას საჯარიმო ქვითარი ფოსტით გაეგზავნება.
შსს-ს ინიციატივა ითვალისწინებს ჯარიმების გადახდის წესების გამკაცრებას. კერძოდ, მძღოლი, რომლის დარღვევაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარს ფოსტის საშუალებით მიიღებს ერთხელ და არა ორჯერ, როგორც ადრე ხდებოდა. თუ მძღოლი ქვითრის ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, მაშინ აღნიშნულ ჯარიმას შსს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. ასეთი პრაქტიკა ესტონეთში უკვე არსებობს.
პროექტის თანახმად, ვიდეოჯარიმები არ გავრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინგით გამცემ კომპანიებზე. გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
შსს-ს ახალი ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოპედების მძღოლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის პირობებში მართავენ.
საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტის თვეში დაამტკიცა შესწორებები საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კონტროლის გამკაცრებისა და დამრღვევების მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მძღოლები დაჯარიმდებიან არა მარტო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, არამედ მათ ჩამოართმევენ მართვის უფლებასაც იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში დარღვევების რიცხვი დაშვებულ მაქსიმუმს გადააჭარბებს.
საქართველოში ყველა მძღოლს მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხება, რომლის რაოდენობა შემცირდება ყოველ დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმის მიხედვით. მძღოლები, რომლებსაც ქულათა რაოდენობა 50-დან 20-მდე შეუმცირდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ქულათა მარაგს ამოწურავს, მას მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.