მართვის მოწმობას ყოველწლიურად 100 ქულა დაერიცხება, რომელიც დარღვევის შემთხვევაში შემცირდება. ამასთან ერთად დამრღვევები დაჯარიმდებიან კიდეც. მძღოლები მიიღებენ შეტყობინებებს, თუ ქულების რაოდენობა 50 და 20 ქულამდე შემცირდება.
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა — 40 ქულა — ჩამოეწერება შემდეგი დარღვევების გამო: სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის, თუ ეს დარღვევა განმეორებით დაფიქსირდება; ავტომობილის სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის; სიჩქარის გადაჭარბებისა ან ციმციმა სიგნალის არამართლზომიერი გამოყენება, რამაც ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია.
გარდა ამისა, მაღალი ქულები ჩამოეწერებათ სხვისი ავტომობილის სანომრე ნიშნების გამოყენებისთვის, ავტომობილის ექსპლუატაციისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რამაც ავარიული სიტუაცია გამოიწვია.
პირველ ჯერზე 100 ქულა გათვლილი იქნება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე, შემდეგ კი — ერთ კალენდარულ წელზე.
მას შემდეგ, რაც ქულები განულდება, ავტომოყვარულს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. გარდა ამისა, მას პრაქტიკული გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
თუ საუბარია მართვის მოწმობაზე, რომელიც უცხოეთშია გაცემული, მის მფლობელს საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება. მანქანის მართვის ნებართვის აღსადგენად ასეთი მართვის მოწმობის მფლობელებმა უნდა მიმართონ საქართველოს შსს.
ჯარიმების გაზრდა
ახალი სისტემის ამოქმედების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი დათანხმდა გაეზარდა ჯარიმების ოდენობა საგზაო მოძრაობის წესების ზოგიერთ დარღვევაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შესწორებები შეიტანა.
მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო ჯარიმა 20 ლარით იზრდება და 30 ლარს შეადგენს.
ავტომობილის გაჩერების თაობაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარით იზრდება. შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ის 300 ლარი გახდება.
მოპედების მძღოლებს დაავალდებულებენ ატარონ ჩაფხუტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 100 ლარით დაჯარიმდებიან.
დასაშვები სიჩქარის 15 კმ/სთ-ში გადაჭარბება ისევ 50-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო დასაშვები სიჩქარის 40 კმ-ით გადაჭარბების შემთხვევაში ამოქმედდება ახალი ჯარიმა — 150 ლარის ოდენობით.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევების შემთხვევაშიც იზრდება.
მართვის უფლების მოწმობის აღდგენის განსაკუთრებული წესები ამოქმედდება მათთვის, ვინც ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს. მათ მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ხელახლა ჩაბარება ან 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
ფარული პატრულირება
კანონპროექტთა პაკეტის თანახმად, კანონში „პოლიციის შესახებ“ ცვლილებები შედის, რომელიც საქართველოში ფარული პატრულირების შემოღებას ეხება.
ფარული პატრულირება გულისხმობს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ავტომობილების პატრულირებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება რადარით და ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალებებით.
ეს ავტომობილები გზებზე დარღვევებს დააფიქსირებენ. საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს საკუთარი დარღვევის ნახვის შესაძლებლობა შსს —ს ვებ-გვერდზე ვიდეოჯარიმების განყოფილებაში ექნებათ.