თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ჯამალაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ავარია 2016 წლის 11 თებერვალს მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტარიელ ჯამალაშვილი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, Ford Transit-ის მარკის ავტომობილით სოფელ ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
სოფელ ბადიაურთან, მან ვერ დაიმორჩილა საჭე, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და Opel Vectra-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად Opel Vectra-ს მძღოლი და სამი მგზავრი გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაიღუპა ჯამალაშვილის ავტომობილში მსხდომი კიდევ ორი გოგონა.
რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.
ჯამალაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სექტემბრის თვეში დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ჯამალაშვილი სრულად დამნაშავედ ცნო.