თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ცისკარიშვილი პოლიციელებზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე.
ინციდენტი 2016 წლის მაისში მოხდა. გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, გვიან, ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ამისულაშვილმა და მალხაზ მღებრიშვილმა BMW-ის მარკის ავტომობილი, რომელმაც მანამდე ავტოავარია მოახდინა, შეამჩნიეს. მათ ომარ ცისკარაშვილს განუმარტეს, რომ ავტომობილს საჯარიმო სადგომზე გადაიყვანდნენ, რამაც მძღოლის უკმაყოფილება გამოიწვია. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ ავტომობილის ჩამორთმევის უფლებას არ მისცემდა და წავიდა.
მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ომარ ცისკარაშვილმა BMW X5-ის მარკის ავტომობილი გაიტაცა, რომელიც ვინმე ზ.გ.-ს ეკუთვნოდა, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და რამდენჯერმე გაისროლა პოლიციელების მისამართით, რის შემდეგაც მიიმალა. სამართალდამცველები, საბედნიეროდ, გადარჩნენ, თუმცა, დაზიანდა ორი სამსახურებრივი ავტომობილი.
ცისკარაშვილზე ძებნა გამოცხადდა. ის 2016 წლის ივლისში, ბათუმში დააკავეს.
ცისკარაშვილს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარედგინა — „პოლიციელზე, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა“, „სატრანსპორტო საშუალების ქურდობა“ და „ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება“.