საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliველობილიკი პეკინის ქუჩაზე, რომელიც ცალმხრივი გახდა
ველობილიკი პეკინის ქუჩაზე, რომელიც ცალმხრივი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ველობილიკზე გაჩერებისთვის ავტომობილის მფლობელი 50 ლარს გადაიხდის.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი სანქციები წესდება.

კანონპროექტის ავტორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები კახა კუჭავა და გოგა გულორდავა. კანონპროექტი უკვე განხილულია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელმაც დადებითი რეკომენდაცია გასცა და შესაბამის კომიტეტებს მისი განხილვა დაავალა. 

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი შუქნიშნები დამონტაჟება

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლს რამდენიმე ნაწილი ემატება. კერძოდ, თუ მანქანის მფლობელმა მანქანა უმეთვალყუროდ სამ თვეზე მეტი ვადით დატოვა, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან პარკინგი (სამარშრუტო ტაქსების გარდა) 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ველობილიკზე მოძრაობა, გაჩერება ან პარკინგი 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მანქანას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ, მისი წაყვანა კი მფლობელს მანქანის გადაყვანისა და სადგომზე შენახვისთვის გაწეული ხარჯების გადახდის შემდეგ შეუძლია.

100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების, სატრანზიტო, შიდა სატრანზიტო ან TEST-ნომრის გარეშე მანქანის გაჩერება ან პარკინგი. 

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 ივლისიდან გზებზე კონტროლი მკაცრდება

ამ შემთხვევაშიც ავტომობილი გადაჰყავთ სადგომზე, თუმცა თუ გაირკვა, რომ მფლობელს სანომრე ნიშნები მოპარეს, ის თავისუფლდება ჯარიმისა და სადგომის ხარჯების გადახდისგან.

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

1 ნოემბრიდან საქართველოში ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება, რომლებიც სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ. "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება წლის ბოლომდე გაგრძელდება. სულ 3 000-მდე ასეთი კამერა დამონტაჟდება. კამერები თავიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე გაჩნდება.

გზებზე კონტროლის გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა იმატა. ქვეყანა გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ავარიების დროს 3 000-მდე ადამიანი დაშავდა.

© Sputnik / Maria Tsimintiaქულები საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
ქულები საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის - Sputnik საქართველო
ქულები საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

ყველა ახალი ამბავი
0