ბიორკი ქართულად "ამეტყველდა"

© AP Photo / Mark Bakerბიორკი
ბიორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიორკი მეორე კონცერტს თბილისში 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამართავს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ისლანდიელმა მომღერალმა, მსახიობმა და კომპოზიტორმა ბიორკმა თბილისში მისი კონცერტის ორგანიზატორებსა და მაყურებელს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა.

„დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის", — დაწერა ბიორკმა პირველი კონცერტის შემდეგ Instagram-ში.

Публикация от Björk (@bjork) Окт 31 2017 в 2:10 PDT

 

შემსრულებლის პოსტს კონცერტზე გადაღებული ფოტო ამშვენებს. სცენაზე ბიორკი გამოვიდა ბრიტანელი დიზაინერის ჯეიმს მერის კოსტიუმში, რომელიც მომღერლისთვის სასცენო კოსტიუმებსა და აქსესუარებს 2009 წლიდან ქმნის.

მომღერლის თავსაბურავი კი ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ შექმნა, აღნიშნავენ ქართულ მასმედიაში.

ბიორკი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში სამშაბათს, 31 ოქტომბერს გამოვიდა.

ბრიტანელი მომღეარალი კრის რი კონცერტზე „კროკუს სიტი ჰოლში“ - Sputnik საქართველო
კრის რი საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს

მომღერალმა თაყვანისმცემლებისთვის შეასრულა კომპოზიციები ალბომიდან Vulnicura. ცნობილ შემსრულებელთან ერთად სცენაზე ისლანდიაში ცნობილი ახალგაზრდა დირიჟორი ბარნ ფრიმან ბარნასონი წარდგა. სწორედ ბარნასონის დირიჟორობით დაუკრა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა.

ბიორკის მეორე სოლო–კონცერტი 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბიორკის თბილისურ კონცერტებზე ბილეთები 25 ქვეყნის ფანებმა შეიძინეს — საქართველოსთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისში ბიორკი კონცერტამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა. მან ისურვა, რომ კონტრაქტში გაწერილი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების გარდა, საქართველოში მისი კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით ყოფილიყო მორთული.

კონცერტების ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურითა და მუსიკით. ამიტომ მომღერალი თავისი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის — კახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიისა და აჭარის მონახულებას გეგმავს.

ბიორკი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი (Björk Guðmundsdóttir) 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში დაიბადა. ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრას, ვოკალს. მისმა ხმამ ყურადღება მიიქცია და რადიოში ჩასაწერად მიიწვიეს. 1977 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რომლის დიდ ნაწილს პოპულარული ჰიტებისა და ფოლკლორული სიმღერების ქავერ-ვერსიები შეადგენდა. ისლანდიაში მას „პლატინის ალბომის" სტატუსი მიენიჭა.

რიშარ გალიანო - Sputnik საქართველო
ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

1986 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი The Sugarcubes, რომელმაც მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოუტანა.

1993 წელს ჯგუფი დაიშალა. ბიორკი ლონდონში გადავიდა. იქ გაიცნო პროდიუსერი ნელი ჰუპერი და მასთან თანამშრომლობით გამოუშვა სოლო ალბომი Debut. ალბომს მსოფლიო წარმატება ჰქონდა. ამის შემდეგ გამოვიდა მისი სტუდიური ალბომები Homogenic (1997), Vespertine (2001), Medulla (2004), Volta (2007), Biophilia (2011), Vulnicura (2015).

ბიორკის შემოქმედება მრავალ ჟანრსა და სტილს განეკუთვნება. მათ შორისაა ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, ინდი-პოპი, ტრიპ-ჰოპი, modern classic, IDM.

ბიორკი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. 1999 წელს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო მთავარ როლში ფილმში „სიბნელეში მოცეკვავე". ასევე მომღერალმა დაწერა ფილმისთვის მუსიკა. 2000 წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მთავარი ჯილდო „ოქროს პალმის რტო" მიიღო. ბიორკმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ბიორკის შემოქმედება მრავალი ჯილდოთია აღნიშნული. მათ შორისაა BRIT Awards-ის ოთხი პრემია (1994 — ორი, 1996, 1998), MTV Europe Music Awards-ის პრემია (1995), MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდო (1996, 1998, 2000 — ორი), AIM Independent Music Awards (2011), Annie Awards (1997), Polar Music Prize (2010) და სხვა.

ჟურნალმა Time 2015 წელს ბიორკი შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში, კატეგორიაში „კერპები".

ყველა ახალი ამბავი
0