თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „საქართველოს პარტრიოტთა ალიანსი“ თბილისის ცენტრში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიან აქციას ატარებს.
ერთი კვირის წინ საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერების არჩევნები ჩატარდა, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ 4%-იანი ბარიერი გადალახა და მოსახლეობაში ნდობის ხარისხით რიგირთ მეოთხე პარტია გახდა.
„გადადგეს ეს მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც უკვე ნეპოტიზმში, სიღარიბეში, სიღატაკეში კორუფციაში ჩაძირა მთელი ქვეყანა, რომელმაც ერთი კვირის წინ კიდევ ნათლად დაგვანახა, რომ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს არჩევნების გზით და სრულად გააკონტროლა ჩვენი ამომრჩევლის ნება, რაც კანონით დაუშვებელია“, — განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.
მისი თქმით, ძალაში რჩება პარტიის ძველი მოთხოვნები, რომლებითაც ის ჯერ კიდევ არჩევნებამდე მართავდა საპროტესტო აქციებს: საკონსტიტუციო რეფორმის გატარება, კომისიის „საქართველო-ნატო-რუსეთი“ შექმნა; მოსკოვთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც იპოთეკარებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხება.
არჩევნებამდე ამ პარტიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ რუსეთში, სადაც მათ რუს პარლამენტარებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე საუბარი იყო ახალი პოლიტიკური ფორმატის — საქართველო-ნატო-რუსეთის შექმნისა და თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს ქართველი პარლამენტარების უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში. ივლისის შუა რიცხვებში ქართველმა ოპოზიციონერებმა გამართეს შეხვედრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან, რომლებზეც საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციონერები, რომლებსაც 150-კაციან პარლამენტში 6 ადგილი უკავიათ, რუსეთში შეხვედრებს საკუთარი ინიციატივით მართავენ.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს.