შსს სკოლებში აგრძელებს პროექტს „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებში მეხუთე კლასის მოსწავლეებს უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს ჩაუტარებენ

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში აგრძელებს პროექტს — „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის 108 თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. სწავლების მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
შსს-მ გორში იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი წარმოადგინა

„შსს-ს გადამზადებული თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს ჩაუტარებენ და საგანგებო სიტუაციების — მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს მოქცევის წესებს, ასევე, უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის შეიქმნა გზამკვლევი, რომელშიც ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები. სახელმძღვანელო, ასევე, მოიცავს საზოგადოებაში ქცევის წესებსაც, რაც მოზარდის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მის კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. 

პროექტი — „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე წელია ხორციელდება. გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.


ყველა ახალი ამბავი
0