მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

© AP Photo / Reinhold Huegerich„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში
„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაცვამ სააპელაციო სასამართლოში ვერ დაამტკიცა, რომ ისინი ღვინის ქარხანა „აკურას“ ჩამორთმევაში დამნაშავეები არ არიან

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თელავის ღვინის ქარხანა „აკურას“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი და ადეიშვილი  „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილს 2 წელი და 3 თვე მიესაჯა, ხოლო ადეიშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა — დაუსწრებლად 2 წლით პატიმრობა.

საქმე ეხება 2004 წლის მოვლენებს. პროკურატურის მონაცემებით, ადეიშვილის, რომელსაც იმ პერიოდში მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა და ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იყო,  ქ.ბათუმში, იმდროინდელი აჭარის უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი და ადეიშვილი სასამართლომ "აკურას" საქმეზე დამნაშავეებად ცნო

თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ეცნობოდნენ სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესს. მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები იყვნენ დაკავშირებულნი ინტერპოლის მიერ ძებნილი ასლან აბაშიძის დროინდელი აჭარის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ აუცილებელი იყო  ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ამ დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონებების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე „აკურას“ ღვინის ქარხანაც.

პაპუაშვილმა, აჭარის პროკურატურაში დაიბარა „აკურას“ ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“ აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს,,აკურას“ ღვინის ქარხნის აქციების 89.06%, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ  ყურძნის წარმოება — გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას. 

უკრაინის უმაღლესი რადის სხდომა - Sputnik საქართველო
სააკაშვილს უკრაინაში ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს

პაპუაშვილმა მათ გადასცა მერაბიშვილის და ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“ აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ „აკურას“ ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შემოუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც.

ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა მეგრელიშვილმა და მოდებაძემ  სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ პაპუაშვილს აცნობეს.

სამართალდამცავები ჩქარობდნენ ქონების გადაფორმებას. შუაღამით საგანგებოდ გამოიძახეს ნოტარიუსი და ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეგრელიშვილმა  და მოდებაძემ ღვინის ქარხანა სახელმწიფოს აჩუქეს.

შედეგად სასამართლომ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში“, ხოლო მერაბიშვილი — „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ“ (სსკ-ის 333-ე მუხლი).

რაც შეეხება ღვინის ქარხანას, ის ძველ მფლობელებს დაუბრუნდა.

მერაბიშვილი დღეისათვის სასჯელს კიდევ ოთხ საქმეზე იხდის — სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზება (2006), ოპოზიციის აქციის დაშლა (2011 წლის 26 მაისი), ამომრჩეველთა მოსყიდვა საპარლამენტო არჩევნების წინ (2012) და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა (2005). 

საპატიმრო საკანი - Sputnik საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თავისუფალია

სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს იხილავს, რომელიც ოპოციზიის აქციის დაშლასა და ტელეკომპანია „იმედის“დარბევას ეხება (2007 წლის 7 ნოემბერი).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მან ქვეყანა 2012 წელს დატოვა. მის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა (2004), ოპოციზიის აქციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედის“დარბევა (2007 წლის 7 ნოემბერი), დეპუტატ კობა დავითაშვილის ცემა  (2007 წლის 7 ნოემბერი), ასევე პატიმართა წამება.

2013 წლის ნოემბერში ინტერპოლმა ადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა, მაგრამ 2015 წლის აპრილში მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო.


ყველა ახალი ამბავი
0