თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა, რომელსაც გასული წლის ზაფხულში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 1 წელი და 6 თვე მიესაჯა, საპატიმრო დატოვა, აცნობა „Sputnik–საქართველოს" ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
საქმე ეხება საიდუმლო აუდიოჩანაწერებსა და 2012 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტს.
„ის (ხიზანიშვილი) დღეს დილით გამოვიდა ციხიდან. სასჯელი მოიხადა და გამოვიდა", — განაცხადა ჭაბაშვილმა.
ხიზანიშვილთან ერთად, 2016 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას და მის მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს.
საქმის სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, ლელუაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამდენადაც ის დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებაში.
გამოძიების მონაცემებით, 2009 წელს ლელუაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და კომპიუტერთან ახლოს მყოფი ადამიანების უკანონო მოსმენების განხორციელებას.
კუდ-ის თანამშრომლებმა ლელუაშვილის დავალება შეასრულეს და 2011 წელს შექმნეს ვირუსული პროგრამა, სხვადასხვა ადამიანების კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს და უკანონოდ მოიპოვეს პირადი ინფორმაცია.
2012 წლის სექტემბერში ხიზანიშვილმა და ქარდავამ სურმავაზე ზეწოლა განახორციელეს და კამერის წინ წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვა აიძულეს, თითქოს ივანიშვილის დავალებით იგი „ქართული ოცნების" წევრების საუბრების ფარულ ჩანაწერებს აწარმოებდა. სინამდვილეში ჩანაწერები შსს-ს თანამშრომლების მიერ ვასილ ლელუაშვილის დავალებით უკანონოდ იქნა მოპოვებული.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. დღეს ქვეყნის მართვის სადავეები ამ კოალიციაში შემავალი ძირითადი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ხელშია.