თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დაიწყო ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია სახელწოდებით "მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე", რომელშიც 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. ღონისძიება 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში ბელგიის, ხორვატიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის და სხვა ქვეყნების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
„მოხარული ვარ, რომ მარჯანიშვილის თეატრი მეორე წელია ამ კონვენციის აქტიური წევრია და მისი ასამბლეა უკვე თბილისში ტარდება. ეს ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა. თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია — თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე თეატრი. ეს ყველაფერი მაყურებელთან კომუნიკაციის განვითარებისკენ არის მიმართული", — განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე.
ETC-ს დირექტორის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიები თანამედროვე თეატრის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომაც თბილისში მიმდინარე კონფერენცია ამ თემას ეძღვნება.
ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპიკერების გამოსვლები, პანელ-დისკუსიები, მონაწილეთა სემინარები. გარდა ამისა, მარჯანიშვილის თეატრი 8 სპექტაკლს წარადგენს.
კონფერენცია ტარდება ETC-სა და საქართველოს თანამშრომლობის ოთხწლიანი პროგრამის "ჩაერთე — დღევანდელი მაყურებლის განვითარება გამომწვევი თეატრით" ფარგლებში. პროგრამა შემოქმედებით, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ნიადაგზე ევროპის მასშტაბით მიმდინარე ინოვაციური პროექტებით, მნიშვნელოვანი ფესტივალებით, ღონისძიებებითა და ტრენინგებით თეატრის სექტორის ტრანსფორმაციას შეეცდება.
აღნიშნული პროგრამა ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება: თეატრზე კრიტიკული აზროვნების განვითარება; მონაწილეობითი თეატრი; თეატრი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში; ETC-ს პროფესიული განვითარების პროგრამა თეატრის შემოქმედებისთვის და ETC-ს ქსელის გაძლიერება ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის.
კონფერენცია ერთ-ერთი ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა "ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ციფრულ ტექნოლოგიას ეგებება". პროგრამა თეატრის შექმნის ახალ გზებს იკვლევს თეატრში ახალი მაყურებლის მოზიდვისა და თეატრალური ცხოვრების ციფრული ტექნოლოგიების ფორმატში გადატანის მიზნით.
ევროპის თეატრალური კონვენცია (European Theatre Convention, ETC) 1988 წელს შეიქმნა. ეს ევროპული თეატრების უდიდესი ქსელია, რომლის მიზანს წარმოადგენს თეატრების დიალოგი და ურთიერთქმედება, რაც აუდიტორიის მრავალფეროვნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს. ETC 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ თეატრს აერთიანებს.