ქართულ ფესტივალ GIFT-ს ევროპული ხარისხის ნიშანი მიენიჭა

© FB / GIFTEFFE Label
EFFE Label - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართულ საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ს ხარისხის ნიშანი მიენიჭა, შემოქმედებითი მიდგომის, მასში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობისა და საერთაშორისო მიმართულების გამო

თბილისი, 15 აპრილი-Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართულ საერთაშორისო ფესტივალს GIFT („საჩუქარი“), მიენიჭა ევროპული ხარისხის ნიშანი EFFE Label 2017-18.

EFFE-გახლავთ საერთაშორისო პლატფორმა,  იგი ევროპის ფესტივალების ასოციაციამ, იმ ინოვაციური ფესტივალების გაერთიანებისთვის შექმნა, რომლებიც ემსახურებიან ხელოვნებას, მიმართული არიან  ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების განვითარებისკენ და ევროპულ  ღირებულებებს იზიარებენ.

ამ ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად, ევროპის ასეულობით ფესტივალმა წარადგინა განაცხადი. თვითეულ განაცხადს აფასებდნენ როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ისე ევროპის ფესტივალების კავშირის მიერ შექმნილი საერთაშორისო ჟიური.

ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
ქეთი დოლიძე GIFT-ს შესახებ: ჩვენ ჭეშმარიტად კეთილი ნების ელჩები ვართ

EFFE ხარისხის ნიშნის მისაღებად ფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: შემოქმედებითი მიდგომა, მასში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა და ფესტივალის საერთაშორისო მიმართულება.

„ჯილდოს ადასტურებს საერთაშორისო ჟიური. ასეთი საინტერესო და მრავალმხრივი პროგრამით, ფესტივალს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“- ნათქვამია GIFT-ის ვებ გვერდზე სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში.

ამიერიდან, ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალი EFFE-ს წევრია, რომელსაც ფესტივალების ევროპული ასოციაცია ხელმძღვანელობს. ამ სისტემაში გაერთიანებული ფესტივალები ხელოვნების მაღალ დონეს ინარჩუნებენ და დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე, ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
ირმა შარიქაძე GIFT-ზე ცნობილ სპექტაკლ "ვარდების ტანგოს" წარმოადგენს

GIFT-ი ფესტივალების ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრია საქართველოდან. იგი დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი). დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.

Sputnik საქართველო 2016 წელს ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0