თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 139-ე თეატრალურ სეზონზე ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით დაიწყო. როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, შერჩეული კონკურსანტები სპექტაკლებს თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ.
ძირითადი მოთხოვნებია — კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს, სასურველია მონაწილეს დადგმული ჰქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი.
განცხადებაში კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შერჩეული ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესა და მისი ანალიზი. ასევე პროფესიული რეზიუმე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დაინტერესების შემთხვევაში განცხადება უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@rustavelitheatre.ge ან nutsa.kirikashvili@rustavelitheatre.ge ან რუსთაველის თეატრში (რუსთაველის გამზ. N17).
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონზე 2 99 98 64.