თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენრო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ბოიკოტირებას — პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ბორჯომში მერის არჩევნების მეორე ტურში, განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ ტელეარხ "იმედის" (Imedi) ეთერში.
მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ქუთაისისა და მარტვილის მერების არჩევნებში მონაწილეობაზე. ენმ-მა ოპოზიციას მეორე ტურის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
„აუცილებლად ვაპირებთ ბრძოლას მეორე ტურში და ბრძოლას გამარჯვებამდე. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ფრთის განცხადებას, მივესალმები და მოხარული ვარ, რომ ასეთი განცხადება გააკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ რაც ნაკლებად მიიღებს ან საერთოდ არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის" ახალი თუ ძველი ფრთა მონაწილეობას არჩევნებში, მით უკეთესი", — განაცხადა მარშანიამ.
მიუხედავად ენმ-ის მიერ არჩევნების მეორე ტურის ბიოკოტირებისა, ქუთაისსა და მარტვილში მერების საარჩევნო ბიულეტენებში მათი კანდიდატების გვარები მაინც დარჩება.
მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება ხაშურში, ყაზბეგში, ბორჯომში, ოზურგეთში. ყაზბეგში „ქართული ოცნების" მეტოქე იქნება ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, ბორჯომში — „პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი", ხოლო ხაშურსა და ოზურგეთში — დამოუკიდებელი კანდიდატები.
ამ ეტაპზე უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ბოიკოტს ნინო ბურჯანაძის ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო" და დამოუკიდებელი კანდიდატები.
ენმ-ის წევრების ყოფილმა თანამოაზრეებმა, დამფუძნებლებმა პარტიისა „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნიეს.
„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. თქვენ იცით, რომ „ევროპული საქართველოს პოზიცია" იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში… მთავარი საქმე, რაც დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა გავაკეთოთ, ესაა ბევრი ამომრჩევლის მოყვანა არჩევნებზე",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ლოგიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" იციან, რომ „ქართული ოცნება" უკონკურენტოა. „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების საფუძველი რთული ამოსაცნობი არ არის. მათ თავიდანვე იციან, რონ მათი წარმატება გამორიცხულია, ისინი აზრს ვერ ხედავენ მიიღონ ბრძოლაში მონაწილეობა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია", — განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდა.
პრაქტიკულად ყველა ქალაქსა და რაიონში, გარდა ზემოაღნიშნული ქალაქისა და რაიონების, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. პირველ ტურში მოსაგებად კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმა უნდა მოეგროვებინა. მმართველმა პარტიამ საკრებულოებშიც ადგილების უმრავლესობა მოიპოვა.