„შავი ფული" არჩევნებზე: ბრალდებები ოპოზიციის მიმართ

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის" არსებობას სერიოზული პრობლემა უწოდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ მათ საკუთარი შემოსავლები და ხარჯები დეკლარაციებში არ ასახეს, შედეგად კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე „შავი ფული" ტრიალებდა.

უფრო ადრე ოპოზიციამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" მომგებიან მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მას ბევრად მეტი ფული აქვს. ისინი "ქართულ ოცნებას" ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

„მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიები დეკლარაციებში შემოსავლებსა და ხარჯებს არ ასახავენ. ჩვენ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები დეკლარაციებში სრულად ავსახეთ, თუმცა ოპოზიცია ამისგან თავს იკავებს, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს.ეს რუსულია, ფრანგული თუ იტალიური, „შავი ფული" ნამდვილად ტრიალებდა, რაც სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა, რითაც შესაბამისი უწყებები უნდა დაკავდნენ", — განაცხადა კობახიძემ.

კალაძის მომხრეები - Sputnik საქართველო
სრული პოლიტიკური კარტ-ბლანში და გამარჯვებული „ოცნება“

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, არჩევნებზე რუსული ფულის გამოჩენას შეეხებოდა.

„პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული პრობლემაა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ პასიური იყო. აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც არადეკლარირებული თანხების კონტროლი ვერ ხერხდებოდა. ესაა გამოწვევა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ", — განაცხადა კობახიძემ.

ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დარეგისტრირებულმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობების სახით 12,9 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

მიღებული შემოწირულობების მხრივ ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" — ადგილობრივ არჩევნებამდე სამნახევარ თვეში პარტიამ 11,6 მლნ ლარი მიიღო.

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ამ პერიოდში შემოწირულობის სახით გადაურიცხეს თითქმის 931 ათასი ლარი, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 108 ათას ლარზე მეტი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" 63 ათას ლარზე მეტი მიიღო.

შემდეგ მოდიან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველო" – 35 ათას ლარზე მეტი და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა" – დაახლოებით 31,4 ლარი.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ შორის ლიდერობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი დომენტი სიჭინავა. მან შემოწირულობის სახით მიიღო 50,1 ათას ლარზე მეტი. შემდეგ მოდიან თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 31,4 ათასი ლარი და ერთ-ერთი მაჟორიტარული კანდიდატი გულო ზუმბაძე — 15,5 ათასი ლარი.

პარტიები ვალდებული არიან მონიტორინგის სამსახურს თავიანთი შემოსავლების, მათ შორის შემოწირულობების შესახებ სრული ანგარიში წარუდგინონ. შემოწირულობის თანხა ფიზიკური პირისგან არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისგან — 120 ათას ლარს.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0