თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ძალადობის ფაქტები თუ შიდა დაპირისპირება — შესაბამისი უწყებები ადგენენ კონფლიქტის გაჩენის რეალურ მიზეზებს თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი ქიმიის პედაგოგს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, ქიმიის მასწავლებელმა, დოდო კეზუამ შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლე გოგონას, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია. მასწავლებელმა თითქოს უთხრა მას, რომ არასდროს არ ყოფილა „თათრების" ქორწილში, უნდა გაათხოვოს მე-10 კლასის მოსწავლე გოგონა, რათა ქორწილს დაესწროს.
„მეორე ფაქტი ისევ ამ გოგონასთან დაკავშირებით მოხდა. გაკვეთილზე მას ჩანთიდან არ ჰქონდა ამოღებული კალამი და რვეული, მასწავლებელმა ჩანთა დაუჩხაპნა, გადაუგდო ეს ჩანთა და კიდე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", — განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნათია მახარაშვილმა.
საქმე დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა, თუ ფაქტები დადასტურდება, სკოლა ამაზე თვალებს არ დახუჭავს, განაცხადა სკოლის დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ქიმიის მასწავლებლის სახელზე შემოსულია რამდენიმე საჩივარი, რომლებსაც დეტალურად შეისწავლიან.
მოსწავლეების ნაწილმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამტკიცებენ, რომ ქიმიის მასწავლებლის მხრიდან არანაირი ძალადობის ფაქტი არ შეიძლება მომხდარიყო, ეს სხვა არაფერია, თუ არა პირადი დაპირისპირება მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის.
„საუბარი იყო სამ საჩივარზე, რომელიც მისი მიმართულებით იყო დაწერილი. მინდა გითხრათ, რომ ბავშვები არანაირ ზეწოლას არ აღიარებენ მასწავლებლის მხრიდან… პირადად ჩემი და არის მე-8 კლასელი, ამ კლასში მოხდა ეს ინციდენტი და მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერათ ის, რაც არ მომხდარა", — განაცხადა 67-ე სკოლის მოსწავლემ გიორგი ჭონქაძემ.
გახდა ცნობილი, რომ ამჟამად ქიმიის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე სკოლაში აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობს, რომლის შედეგები რამდენიმე დღის შემდეგ გახდება ცნობილი.
თავად ქიმიის მასწავლებელი სკოლაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ გამოცხადდა. ძალადობის ფაქტებს ის კატეგორიულად უარყოფს.
„ეს ყველაფერი სიცრუეა. დისციპლინარულმა კომისიამ არასწორი დასკვნა გამოიტანა. სულ შესულია ორი საჩივარი, ერთ-ერთი განხილულია, რომლის პასუხი ჩემთვის დღემდე უცნობია. ორივე მასალა შეთითხნილია. მე ადვოკატი მყავს აყვანილი, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ, რამდენიმე მასწავლებელმა, დავწერეთ განცხადება, რომ არაადექვატური, წარმოუდგენელი დირექტორია. აუდიტმა ძალიან ცუდი დასკვნა დადო, ამიტომაც დაიწყო დაპირისპირება", — განაცხადა კეზუამ.
თბილისის 67-ე სკოლაში მომხდარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რომელიც გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით 2016-2017 წლებში საქართველოს 109 სკოლაში ჩატარდა, მოსწავლეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს „ძალადობის" ზუსტი განსაზღვრება არ ესმით. უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ განასხვავონ დისციპლინარული ზომები ძალადობისგან, აღნიშნა ქურციკიძემ. ყვირილი, დამცირება, ხშირ შემთხვევებში — ცემა მათ სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტი ჰგონიათ და არა ძალადობა ან ბავშვის დამცირება.