თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სოფელ მოხის (ადიგენის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის დირექტორს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსლიმი მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტების შესწავლის თხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.
უფლებადამცველებმა მოსწავლეთა ჩვენებები შეკრიბეს და გაარკვიეს, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს მოხეს საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე თეონა ბერიძეს კლასის დამრიგებელმა განუცხადა, რომ დირექტორი ნათია რეხვიაშვილი არ დაადასტურებდა სკოლაში მის ჩარიცხვას, სანამ ის თავსაბურავს არ მოიხსნიდა.
გოგონამ თავსაბურავის მოხსნაზე უარი განაცხადა, რადგან ეს მის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა.
სკოლის სხვა მუსლიმმა მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს თეონა ბერიძის მიმართ და პროტესტის ნიშნად ზამთრის არდადეგების დაწყებამდე გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. სკოლის დირექტორმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში შექმნილი სიტუაცია გადაეჭრა, ბავშვების დასჯა დაიწყო.
რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ის თეონა ბერიძისთვის საგანგებო გამოცდას დანიშნავდა, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები გააფრთხილა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მათ სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევდათ, რაც დასტურდება გაკვეთილზე თავად მოსწავლეების მიერ გაკეთებული აუდიო-ჩანაწერებით.
როგორც მოსწავლეები ამტკიცებენ, ზამთრის არდადეგების შემდეგ დირექტორმა ისევ გამოიყენა სადამსჯელო მეთოდები: პედაგოგებს აეკრძალათ მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. ამასთან, დირექტორმა ოქროს მედლის კანდიდატ რამდენიმე მოსწავლეს განუცხადა, რომ მათ მიერ ოქროს მედლის მიღება ეჭვქვეშ დგას.
ამასთან ერთად, სკოლის დირექტორი სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს საშუალებას არ აძლევს, ტრანსპორტს საკლასო კაბინეტებში დაელოდონ და ამის გამო, მათ ცივ დერეფნებში დგომა უწევთ.
მოსწავლეთა თქმით, ღია ცის ქვეშ ლოცვის გამო, დირექტორმა უფროსკლასელი მუსლიმი მოსწავლეები დაიბარა და საყვედური გამოუცხადა ამ ქმედების გამო.
სოფელ მოხეში 2014 წლიდან ისტორიული შენობის გამო მუსლიმებსა და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის დავა მიმდინარეობდა. 2016 წლის დეკემბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი მეჩეთის აშენება, ხოლო სადავო შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
სკოლის დირექტორი მუსლიმთა წინააღმდეგ მოღვაწეობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ დირექტორმა მოსწავლეებისთვის შექმნა გარემო, რომელიც ამცირებს და ავიწროებს მათ ღირსებას. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოხატავენ იმედს, რომ განათლების სამინისტრო ზემოხსენებულ ფაქტებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს და შესაბამის ზომებს მიიღებს.