სოფელ მოხეში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის საკამათო საკითხი გადაწყვეტილია

© TV9მოხე
მოხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა კამათი სოფელ მოხეს ცენტრში მდებარე შენობის საკითხზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, საკამათო შენობას კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

თბილისი, 2 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა  ადიგენის რაიონის მოხეს შენობას, რომლის ირგვლივ ამდენი წლის მანძილზე კამათი მიმდინარეობს,  მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სოფელში არაერთხელ ჩატარდა საპროტესტო აქციები-შენობაზე პრეტენზიას როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ისე მართლმადიდებლები აცხადებენ. მღვდელთმსახურები მოითხოვდნენ შენობის საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემას, რადგან მის ადგილას ადრე ქრისტიანული ეკლესია იდგა.

„მუსლიმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი სოფელ მოხეს ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის…  ახალი მეჩეთისათვის ადგილის შერჩევისა და მუსლიმთა სამმართველოსათვის ადგილის გადაცემის შემდეგ, ე.წ. მოხეს შენობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მუსლიმმა თემმა უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემაზე, აღნიშნულია განცხადებაში. 

ნახევარმთვარე მეჩეთზე - Sputnik საქართველო
საქართველოს მუსლიმურ თემს 20 მეჩეთი გადაეცა

 „შესაბამისი პროცედურების დაცვით, შენობა ამოირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადავა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე“,-აღნიშნეს სააგენტოში.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მოხეს ცენტრში მდებარე შენობის ირგვლივ კამათი ორი წლის წინ დაიწყო.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ სოფელ მოხეში მდებარე საკამათო შენობაში არასდროს არ იყო მეჩეთი და ამიტომ ეს შენობა საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. 

მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, 1595 წელს საკამათო შენობის ადგილას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა, 1920 წელს კი, ახალციხის ოლქის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ეკლესიების ნგრევა და მეჩეთების მშენებლობა დაიწყო. თუმცა მეჩეთის მშენებლობა იმ ადგილას არ დასრულებულა, და, შესაბამისად, იქ არასდროს არ ყოფილა მუსლიმური სამლოცველო.

მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა  მოქალაქე, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, კანონის წინაშე თანასწორია. მისი თქმით, რადგანაც მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ადრე საკამათო შენობაში მეჩეთი იყო, ხოლო ქრისტიანები ამბობენ, რომ ეკლესია, კონფლიქტის არიდების მიზნით ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქ კულტურის დაწესებულებების განთავსება, რადგან  XX საუკუნეში იქ კულტურის სახლი მდებარეობდა.


ყველა ახალი ამბავი
0