საქართველოს სკოლებში მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისკოლის დერეფანი
სკოლის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ როგორ ექცევიან პედაგოგები მოსწავლეებს, ამის გასაგებად საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში მონიტორინგი ჩატარდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რომელიც გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით 2016-2017 წლებში საქართველოს 109 სკოლაში ჩატარდა, მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტები გამოვლინდა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" UNICEF Georgia-ს კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.

ქურციკიძის სიტყვებით, ორი წლის წინ მსგავსი მონიტორინგი სკოლამდელ დაწესებულებებში, ხოლო 2016-2017 წლებში როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდა.

„ეს არ იყო სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა, ეს იყო სახალხო დამცველის მონიტორინგი, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებში ტარდება. მონიტორინგის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარების შემოწმება იყო. გამოვლინდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. არის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. გარდა ამისა, სერიოზული გამოწვევაა ბულინგის თემა", — განაცხადა ქურციკიძემ.

მოსწავლე ვაშლით - Sputnik საქართველო
სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო

ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს "ძალადობის" ზუსტი განსაზღვრება არ ესმით. უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ განასხვავონ დისციპლინარული ზომები ძალადობისგან, აღნიშნა ქურციკიძემ. ყვირილი, დამცირება, ხშირ შემთხვევებში — ცემა მათ სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტი ჰგონიათ და არა ძალადობა ან ბავშვის დამცირება.

პრობლემად რჩება ის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში არ იცნობენ ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმს, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან არსებობს. ეს მექანიზმი პირდაპირ ავალდებულებს პედაგოგებს, გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები და ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობონ.

„გამოდის ისე, რომ ისინი არა თუ ინფორმირებული არ არიან საკუთარ მოვალეობებში, არამედ თავად ავლენენ ძალადობის ელემენტებს ბავშვების მიმართ“, — განაცხადა ქურციკიძემ.

საქართველოში სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულმა UNICEF-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი აღმზრდელობით პროცესში ძალადობის ელემენტების გამოვლენას ნორმალურად მიიჩნევს.

UNICEF სახელმწიფოს სკოლებში ძალადობის პრევენციის მექანიზმის შექმნის რეკომენდაციას იძლევა, რათა შეიქმნას ჯანსაღი გარემო.

ყველა ახალი ამბავი
0