თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო, განუცხადეს „sputnik საქართველოს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
პირველი სკოლა, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში ვაშლები შეიტანეს, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაა. სკოლაში ვაშლები 2 ათასზე მეტ მოსწავლეს დაურიგდება.
სათითაოდ შეფუთული ვაშლები განთავსდა კალათებში, რომლებიც კლასებთან დგას და მოსწავლეებს მეორე გაკვეთილის შემდეგ შეუძლიათ ვაშლი მიირთვან. ვაშლები მოსწავლეებს კვირაში ერთხელ დაურიგდებათ.
ვაშლების დარიგების პროცესი თბილისის სხვა სკოლებში ეტაპობრივად დაიწყება.
განათლების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკოლების სასარგებლო პროდუქტებით მომარაგების კუთხით აქტიური მუშაობა სექტემბრის თვეში დაიწყო. სკოლის ბუფეტებში აღარ გაიყიდება ჩიპსები, ე.წ. სუხარიკები, შოკოლადი, კანფეტები და გაზიანი სასმელები.
განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვაშლის დარიგება მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
განათლების სამინისტროს მიერ ვაშლის შესასყიდად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რომელიც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა. ამ თანხაში კომპანიამ 10 საჯარო სკოლას 260 000 ერთეული ვაშლი უნდა მიაწოდოს. დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მოაწოდა, KEPKA ერთ ცალ ვაშლში 26,9 თეთრს გადაიხდის.
კომპანია ვაშლის სამ ჯიშს: სემერენკოს, გოლდენსა და გრენი სმიტს შეისყიდის. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.