თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ათ სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბერში, საჭირო ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტების მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა.
განათლების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკოლების სასარგებლო პროდუქტებით მომარაგების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. სკოლის ბუფეტებში აღარ გაიყიდება ჩიპსები, ე.წ. სუხარიკები, შოკოლადი, კანფეტები და გაზიანი სასმელები.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვაშლის დარიგება მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ტექნიკური პროცედურებია გასავლელი და ვფიქრობთ, რომ ოქტომბრიდან შევიტანთ ვაშლს სკოლებში. 10 სკოლა შეირჩა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად ვაშლები თითო რაიონიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაში იქნება მიწოდებული", — განაცხადა მაია მუშკუდიანმა.
განათლების სამინისტროს მიერ ვაშლის შესასყიდად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რომელიც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა. ამ თანხაში კომპანიამ 10 საჯარო სკოლას 260 000 ერთეული ვაშლი უნდა მიაწოდოს. დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მოაწოდა, KEPKA ერთ ცალ ვაშლში 26,9 თეთრს გადაიხდის.
კომპანია ვაშლის სამ ჯიშს: სემერენკოს, გოლდენსა და გრენი სმიტს შეისყიდის. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.
ვაშლს მოსწავლეები კვირაში ერთხელ მიიღებენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა თავიდან თბილისის სკოლებს შეეხება, შემდეგ კი რეგიონებში გავრცელდება. რამდენიმე თვის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ თითოეულ სკოლაში ვაშლით სავსე თასის ნახვაზე ოცნებობდა და ხაზი გაუსვა მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი კვება მოსწავლეებს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებასა და სასკოლო მასალის ათვისებაში დაეხმარება.