უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

© FB / Zurab Pataradze უამინდობა აჭარაში
უამინდობა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირიდან უამინდობამ ბევრი პრობლემა შექმნა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში ძლიერმა ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადააძრო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ბოლო ორი დღეა უამინდობამ ბევრი პრობლემა შექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთ საქართველოს რეგიონები, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შტორმი - Sputnik საქართველო
საშტორმო მდგომარეობა სანაპირო ზოლზე – უამინდობა ფოთში

„მთლიანად დაზიანებულია ხუთსართულიანი კორპუსის თუნუქის სახურავის მეოთხედი, უფრო მეტიც, იგი მთლიანად მოგლეჯილია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა როგორმე დავიცვათ აუდიტორიები და წიგნის ფონდი", — განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

მოგლეჯილმა სახურავმა ერთი ავტომობილი დააზიანა.

გეოლოგები აჭარაში სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოებში ჩართვას გეგმავენ, რადგან, ბოლო მონაცემებით, უამინდობამ სერიოზული პრობლემები შექმნა რეგიონის ხუთივე რაიონში, რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. გზების გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ძლიერი ქარის მიზეზით სოფელ ლეღვაში ხანძარი გაჩნდა, რომლის გამოც ერთი ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„გეოლოგები დილიდანვე ჩაერთვებიან ყველა სამუშაოებში, შეისწავლიან ყველა ლოკაციას და რამდენიმე ოჯახის მდგომარეობას, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი", — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ძლიერი წვიმა არ გადაიღებს, მოსალოდნელია ქუჩების დატბორვა.

იმერეთში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში. წყალმა გზის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღო, რომლითაც ხარაგაულის რაიონი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდებოდა. მოცემულ ტერიტორიაზე ამ დრომდე აკრძალულია ავტომობილების მოძრაობა. ტრანსპორტი შემოვლითი გზით გადაადგილდება.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

უამინდობამ დააზარალა ქალაქი ქუთაისიც, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა შენობები და ქუჩები. ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან მოსწავლეების ევაკუირებაც გახდა საჭირო.

ზარალს ითვლიან გურიის რეგიონშიც. ნაპირებიდან გადმოსული მდინარეების წყალმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზები დატბორა. ყველაზე მეტად ოზურგეთი დაზარალდა, სადაც წყალმა ადგილობრივების სახლები დატბორა. დატბორილი აღმოჩნდა ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაც. ხოლო ტექნიკა, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა მდინარე ბჟუჟის ნაპირის გასამაგრებლად გამოიყვანეს, წყალმა წაიღო.

„პრობლემები ყველა მუნიციპალიტეტში გაჩნდა. დაზიანებულია სახლები, დატბორილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, ჩვენი სამსახურები თითოეულ ოჯახში მივლენ და დეტალურად დაითვლიან ზარალს", — განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში წვიმამ გადაიღო.

ყველა ახალი ამბავი
0